სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა" ეხმიანება წინასაარჩევნოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევაზე გავრცელებულ ინფორმაციას. ორგანიზაციის სპიკერმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ათობით
მოქალაქემ მიმართა მათ კოალიციას მსგავსი შემთხვევების შესახებ, თუმცა როგორც ის ამბობს, პასუხისმგებელი საგამოძიებო უწყებები არ აკეთებენ არავითარ განცხადებას ამ ფაქტებზე განხორციელებული რეაგირების შესახებ.
მისივე თქმით, შეუძლებელია პირადობების მოწმობების ჩამორთმევას ჰქონდეს კეთილშობილური მიზნები.
"გავრცელებული ინფორმაცია აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ პირადობის მოწმობების ჩამორთმევის მიზანი არის არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა და ამომრჩევლის მოსყიდვისა და ჩამორთმეული პირადობის მოწმობების გამოყენებით სხვა პირების მიერ არჩევნებში მონაწილეობის გზით არჩევნების გაყალბება. ყველა ეს დანაშაული არის 162-ე (არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა -სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე), 1641 (ამომრჩევლის მოსყიდვა - პროკურატურის ქვემდებარე) და 1644 (ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე), არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის ქვემდებარე დანაშაულები.
მოვუწოდებთ ორივე საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ჩატარებული გამოძიების შესახებ. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ამ ფაქტებს აქვს მასშტაბური ხასიათი. არჩევნებამდე დარჩენილია ერთი კვირა და საგამოძიებო უწყებების უმოქმედობა არსებითად აზიანებს ამომრჩეველთა უფლებებს - გამოხატონ მათი ნამდვილი ნება არჩევნებზე", - განმარტა თოლორაიამ.
მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, მათ შორის საჯარო სამსახურებში, იმის შესახებ, თითქოს ელექტრონული საშუალებით ხმის მიცემა ფარული არ არის. როგორც ის ამბობს, მსგავსი სიცრუის ტირაჟირება შედის მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებში და არავითარი კავშირი რეალობასთან არ აქვს.
გარდა ამისა, თოლორაიამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო მისიამ "ჩემი ხმა" დაასრულა დამკვირვებელთა რეგისტრაცია. მათ 4200 მოქალაქემ მიმართა და შერჩევის შედეგად არჩევნებს 2000 ათასამდე დამკვირვებელი დააკვირდება.
მასალის გამოყენების პირობები