საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 2024 წლის 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა. შესაბამის
დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დადგენილების მიღების საფუძველია ის, რომ საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ კი შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა.
"3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაგა-ბაღების შენობებში, 1 675 საარჩევნო უბანი განთავსებულია საჯარო სკოლების შენობებში, ხოლო 873 საარჩევნო უბანი – სხვა დანიშნულების შენობებში. გამომდინარე, იქიდან, რომ განსაკუთრებით საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში, სადაც განთავსებულია საარჩევნო უბნები, სამუშაო დღეებში ხორციელდება სხვადასხვა საქმიანობა და აქტივობა, რამაც შესაძლებელია შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად და მშვიდ გარემოში მოწყობა, მოთხოვნილია 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადება", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
დადგენილების მიხედვით, დოკუმენტი არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე და "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ისტორიაში პირველად, ის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება და ამომრჩეველთა 90% მასში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. საკანონმდებლო ორგანოში მოხვდებიან პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
მასალის გამოყენების პირობები