"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის განცხადებით, ზუგდიდში, შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ
ხელმძღვანელობა მათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიტანას ავალდებულებდა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის აღნიშნული შემთხვევა კრახით დასრულდა, რადგან თანამშრომლები მსგავს უკანონო დავალებას არ ასრულებენ.
"დღეს მინდა საზოგადოებას მივაწოდო კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც ეხება ზუგდიდში შსს-ის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტს. ზუგდიდი შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე განყოფილება არის. ისინი სანქცირებული არიან "ხარებას" ხელმძღვანელობის ქვეშ. რამდენიმე დღის წინ, ჩვენ აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ხელმძღვანელობა, კერძოდ, მათი უფროსი, პოლიკარპე ჯღამაძე მათგან ითხოვდა ოჯახის წევრების სიას, რომლებიც "ქართულ ოცნებას" ხმას არ აძლევდნენ", - თქვა წითლიძემ.
მისივე განმარტებით, თანამშრომლები პირადად ესაუბრნენ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს და მათი რეაგირების შემდეგ, ამ ადამიანებს პირადობის მოწმობების მიტანას აღარ მოსთხოვენ.
როგორც წითლიძე ამბობს, კიდევ არის რამდენიმე პირი, რომელთა მიმართ უკანონო დავალებაა გაცემული და ის მოუწოდებს შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, რომ გაათავისუფლონ ადამიანები უკანონო ვალდებულებებისგან.
მასალის გამოყენების პირობები