სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის IV კვარტალში (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1%-ით შემცირდა და 14.2% შეადგინა.
მათივე მონაცემებით, ამავე საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20.1 ათასი კაცით (2.1%) და 978.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობამ 19.7 ათასით მოიმატა (4.8%) და 433.5 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რიცხვი შემცირდა 14.7 ათასით (5.9%) და 233.9 ათასი გახდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.2%-ით.
საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2024 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 2.4%-ით, ხოლო კაცებში - 0.1%-ით შემცირდა და შესაბამისად, 11.1% და 16.7% გახდა.
მასალის გამოყენების პირობები