საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ შეზღუდვები მოქმედებს - დეპარტამენტი
ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს. საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდისათვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც. ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა.
მათივე ცნობით, დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ42-კმ180 (აღაიანის სატრანსპორტო კვანძი - ზესტაფონის სატრანსპორტო კვანძი), სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ119 (გრიგოლეთი-სარფი), ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ184 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთებზე.
ინტენსიური თოვის, ლიპყინულის, ზვავსაშიშროების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზეც.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავონ მგზავრობისგან, ასევე, გადაადგილდნენ გამართული სატრანსპორტო საშუალებით, სეზონის შესაბამისი საბურავებით და დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.
მასალის გამოყენების პირობები