2024 წლის 28 ნოემბრიდან პროევროპულ აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა დაფიქსირდა - CMIS
დღეს საქართველო ჟურნალისტიკის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით "მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი" ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე ან აქციებთან დაკავშირებულ შემთხვევებში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 124 შემთხვევა დაფიქსირდა. რა დროსაც 147 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი რეპრესიების სამიზნე გახდა. 5000-ლარიანი ჯარიმა კი 17 ჟურნალისტს გამოუწერეს.
„თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ტენდენციის სახე მიიღო ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების მუშაობაში ხელშეშლის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ტექნიკის დაზიანების ან ჩამორთმევის შემთხვევებმა. ბოლო პერიოდში ასევე ტენდენციად იქცა საპროტესტო აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების დაჯარიმება გზის გადაკეტვის საფუძვლით. დაფიქსირდა კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო ჟურნალისტების შევიწროებისა და სამსახურიდან გაშვების შემთხვევებიც“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ცენტრის ვებ გვერდზე ჩამოთვლილია მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შესახებ საჯაროდ გავრცელებული ინციდენტების სრული სია.
მასალის გამოყენების პირობები