გამოცემა ინდიგომ თავისი ჟურნალისტის, საბა სორდიას დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტმა, მარიამ ყველაშვილმა საბა სორდია მონახულების შემდეგ თქვა, რომ რომ საბა მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრებს უნდა შეხვედროდა, რა დროსაც ორმა პოლიციელმა გააჩერა.
„ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია,რომ საბა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. როგორც საბა ამბობს, მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფებოდა, რომ მეგობრებს შეხვედროდა, რა დროსაც მასთან ორი პოლიციელი მივიდა და უთხრეს, რომ გადამოწმების მიზნით მის პირადობის მოწმობას ითხოვდნენ. საბამ პირადობის მოწმობა მიაწოდა, შემდეგ სთხოვეს, რომ ჩანთა გაეხსნა, რაზეც ჩანთაც გაუხსნა, თუმცა შემდეგ პოლიციელებმა მოითხოვეს, რომ თავად გაეხსნათ ჩანთის ერთ-ერთი ჯიბე, რა დროსაც საბამ უთხრა, რომ თვითონვე გახსნიდა. ამ დროს პოლიციელებმა მოჰკიდეს მას ხელი, ჩასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში და საპატრულო პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავების მომენტში საბასთვის არ უთქვამთ, რომ აკავებდნენ და ამიტომ გადაჰყავდათ განყოფილებაში. უკვე განყოფილებაში ყოფნის დროს უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ასევე, საბამ თქვა, რომ საპატრულო პოლიციის მანქანაში ყოფნის დროს მის მიმართ იყო ჰომოფობიური სიტყვები გამოყენებული იქიდან გამომდინარე, რომ მას საყურე ეკეთა“,- განაცხადა ადვოკატმა.
მისი განმარტებით, ჟურნალისტს ასევე ჩამოართვეს ვიდეოკამერა Go Pro, რის შემდეგაც სამართალდამცველებს რამდენჯერმე სთხოვა, რომ არ დაეკარგათ.
საბა სორდიას უფლებების დამცველის თქმით, მას კამერის დამტვრევითაც დაემუქრნენ.
მარიამ ყველაშვილი ამბობს, რომ აპირებენ, მიმართონ სახალხო დამცველს როგორც კამერის დამტვრევის მუქარის, ისე ჰომოფობიური კომენტარების გამო.
ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის გაათავისუფლებენ საბა სორდიას: დაკავებიდან 24 საათში თუ 48 საათში.
ფოტო: პუბლიკა
მასალის გამოყენების პირობები