მარტვილის 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნებისა“ და
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
საჩივრები არ დააკმაყოფილა.
მმართველი პარტია 10 უბანზე კენჭისყრის შედეგების ხელახალ დათვლას
ითხოვდა, რადგან, მათი ინფორმაციით, კომისიამ იმ ბიულეტენების დიდი
ნაწილი გააბათილა, რომელზეც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იყო
შემოხაზული. თავის მხრივ, საჩივარი შეიტანა ცესკოში „ერთიანმა
ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც შედეგების გადახედვა და ყველა
უბნის კომისიის თავმჯომარეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება
მოითხოვა იმ შემთხვევაში, თუკი ბათილი ბიულეტენები გრიგალავასთვის
მიცემულ ხმებს დაემატებოდა.
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ცესკოს
პირველადი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის
კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმების 49,76% მიიღო. მეორე ადგილზე
კი ენმ-ის კანდიდატი მამუკა დანელია გავიდა 35,81%-ით. შესაბამისად,
მეორე ტურში, რომელიც 15 ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს, ბიულეტენებზე
ყოფილი და მმართველი პარტიების კანდიდატები იქნებიან აღნიშნულნი.
მიუხედავად იმისა, რომ ენმ-მ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა,
მერის არჩევნების მეორე რაუნდი მარტვილში მაინც გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები