სამეგრელოს მუნიციპალიტეტის მერებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან და სხვა ლიდერებთან კონსულტაციები
გაიარეს. შეხვედრას არ ესწრებოდა თავად პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
ისინი გუშინ თბილისში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში იყვნენ, სადაც, მათივე თქმით, არჩევნებში დამარცხების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ რადიო
„ათინათს“ უთხრა, რომ პარტიის ხელმძღვანელებმა მათ პირველ ტურში წაგების მიზეზები კითხეს. გოგუას თქმით, მეორე ტურამდე კონკრეტული დავალება არ მიუღიათ, თუმცა, ის მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის საჭიროებაზე საუბრობს.
„დეტალურად დავსახეთ გეგმები და ამოცანები, რაც უნდა განვახორციელოთ მეორე ტურამდე, თუ რამე ნაკლოვანებები იყო, აღმოვფხვრათ, საჭიროა მეტი მოტივაცია, რომ დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწიოთ. ასევე, მეტი ყურადღება მოსახლეობას, მათთან შეხვედრების გამართვა და ინფორმაციის მიწოდება, თუ რას ვაკეთებთ. ვისაუბრეთ დამარცხების მიზეზებსა და გამოსწორების გზებზეც“, - თქვა გოგუამ.
პარტიის ოფისში შეხვედრას მუნიციპალიტეტის სხვა მერებთან ერთად დაესწრო მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავაც. მან თქვა, რომ საუბარი არჩევნებს შეეხებოდა, თუმცა, დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.
„რა თქმა უნდა ვისაუბრეთ წაგების მიზეზებზე და სამომავლო გეგმებზეც, თუმცა ამაზე დეტალურად ვერ ვილაპარაკებ“, - გვითხრა გრიგალავამ.
შეხვედრაზე იყო ხობის მერი გოჩა ქაჯაიაც, თუმცა, მან რადიო
"ათინათს" უთხრა, რომ შეხვედრაზე არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე არ უსაუბრიათ.
"იყო ჩვეულებრივი პარტიული განხილვა, მეტი არაფერი", - აღნიშნა ქაჯაიამ.
გუშინ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში „ქართული ოცნების“ ხელმძვანელები მუნიციპალიტეტების მერებს, საარჩევნო შტაბების უფროსებსა და რეგიონული ორგანიზაციის ხელმძრვანელებს შეხვდნენ.
სამეგრელოში სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების პირველ ტურში მხოლოდ მესტიაში, აბაშასა და ხობში გაიმარჯვა.
ამავე თემაზე:
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერებიც დაიბარეს
როგორ გადანაწილდა ხმები სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში
მასალის გამოყენების პირობები