67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, საუბნო კომისიის წევრის სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო კლიპში
მონაწილეობაზე მოკვლევა მიმდინარეობს. საუბარია მეცხრე საარჩევნო უბნის წევრზე ირინა კარტოზიაზე.
„ჩვენთან არის შემოსული საჩივარი ამასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს მოკვლევა და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მესხმა.
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო კლიპში მონაწილეობენ. საუბარია ირინა კარტოზიაზე, ნინო კვარაცხელიასა და ლამარა თევზაძეზე. წითლიძის მტკიცებით, აღნიშნული ქმედება საარჩევნო კოდექსის დარღვევაა, რადგან კანონმდებლობით კომისიის წევრს ნებისმიერ აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალება.
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატის კლიპში საუბნო საარჩევნო ოლქების კომისიის წევრების მონაწილეობა კანონდარღვევა არ არის. შტაბში რადიო
„ათინათს“ უთხრეს, რომ ირინა კარტოზია და ლამარა თევზაძე 12 და 13 ნოემბერს გადაიღეს, როდესაც არჩევნების მეორე ტურის თარიღი ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. რაც შეეხება ნინო კვარაცხელიას, მან რადიო
„ათინათს“ უთხრა, რომ საუბნო კომისიის წევრი აღარ არის და უბნის დატოვების შესახებ განცხადება პირველი ტურის დასრულების შემდეგ დაწერა.
ამავე თემაზე:
„ქართული ოცნება“: საუბნო კომისიის წევრების სააგიტაციო კლიპში მონაწილეობა კანონდარღვევა არ არის
მასალის გამოყენების პირობები