საარჩევნო უბნებზე დღეს პროვოკაციები აიხსნება იმით, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ზუსტად იცის, რომ ამ არჩევნებში მარცხდება და როგორც ჩანს, ერთადერთი, რისთვისაც ემზადება არეულობა და დესტაბილიზაციაა. ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის პარლამენტის წევრმა არჩილ თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბში გააკეთა.
"გუშინაც და ადრეც არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესიული აქტივისტები მათ სწორედ არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ. დღეს მიმდინარე პროვოკაციებმა ეს დაადასტურა. როგორც ჩანს, მიუხედავად ამომრჩეველთა პოლარიზებისა, ნაციონალური მოძრაობის შტაბშიც არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია. სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციული გეგმის შესახებ და ჩვენს შტაბს მოაწოდეს ნაციონალური მოძრაობის სამუშაო სხდომაზე მათ მიერვე გაკეთებული აუდიოჩანაწერი, რომლის მონაწილენი - მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე, საუბრობენ, თუ როგორ უნდა "აადუღონ" ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა, მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს, "- თქვა პარლამენტის წევრმა.
მასივე ინფორმაციით, ჩანაწერი უკვე გადასცეს შესაბამის ორგანოებს.
"ვითხოვეთ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას გავაცნოთ ამ ჩანაწერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ვციტირებ - ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მოიგებენ თუ წააგებენ უნდა „აადუღონ ზუგდიდი“, „აადუღონ აჭარა“ შემდგომ კი მთელი საქართველო", - აღნიშნა თალაკვაძემ.
მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები გაერთიანებულ ოპოზიციას აფრთხილებს, არ გადადგას არცერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ გადაუხვიონ კანონს.
მასალის გამოყენების პირობები