#ქუდოსკიდჸუდეს - წარწერა პურის შეფუთვებზე ზუგდიდში
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწყებულ მსოფლიო კამპანიას #დარჩისახლში ასოციაცია "ათინათი" შეუერთდა.
ორგანიზაციამ პურის შესაფუთი ეკო-პარკები მეგრულენოვანი წარწერით ქუდოსკიდ ჸუდეს (ქართ. დარჩი სახლში) დაბეჭდა და ადგილობრივებს ამ სახით შინ ყოფნისკენ მოუწოდა. "გადავწყვიტეთ, რომ შევუერთდეთ კამპანიას "დარჩი სახლში". ვინაიდან სამეგრელოში ვართ, ვიფიქრეთ წარწერა მეგრულად გაგვეკეთებინა, რომ ყოფილიყო მშობლიური, თბილი, გასაგები ყველასთვის. ეკოლოგიურად სუფთა შესაფუთებია. მოგეხსენებათ რომ "ათინათი" დიდი ხანია ცდილობს პლასტიკის მოხმარება მინიმუმამდე დაიყვანოს. მეუნარგიას ქუჩაზე მდებარე "სპარის" და პურსაცხობი "ლეკოს" ადმინისტრაციამ დიდი ენთუზიაზმით გაიზიარა ჩვენი ეს ინიციატივა და საკუთარი წარმოების ძალიან გემრიელი პური დახლზე სწორედ ასეთი შეფუთვით დევს. იმედი მაქვს ის ადამიანები, რომლებიც შეიძენენ პროდუქტს მსგავსი წარწერით, გაიზიარებენ ჩვენს იდეას, რომ შექმნილ ვითარებაში "ქუდოსკიდ ჸუდეს" არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ვაკეთებთ", - თქვა "ათინათის" აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ყალიჩავამ. გავრცელებულ კამპანიას #დარჩისახლში სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციისკენ მოწოდებით მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ცნობილი ადამიანი შეუერთდა.
მასალის გამოყენების პირობები