ინტერვიუ
ინტერვიუ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან ჯონ პენელთან
ჯონ პენელი სულ ცოტა ხნის წინათ დაინიშნა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორად. საკადრო დიპლომატი თბილისში ჩამოსვლამდე იმავე სააგენტოს ოფისს ლიბიაში ხელმძღვანელობდა 2019-2022 წლებში, ხოლო უფრო ადრე, 2015-2019 წლებში, უკრაინასა და ბელარუსში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორის მოადგილე იყო. 

ჯონ პენელი Civil.ge-ს სტუმრობდა, სადაც საქართველოში სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და მიმდინარე პრობლემატიკაზე ისაუბრა. რადიო "ათინათი" გთავაზობთ აღნიშნულ ინტერვიუს.

ამ უკანასკნელ ხანებში აქტიური მედია კამპანიაა გაჩაღებული საქართველოში აშშ საქმიანობის წინააღმდეგ. საქართველოში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამგვარი კრიტიკა არა მხოლოდ მმართველი უმრავლესობისგან მოდის, არამედ რუსული და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოების პროპაგანდის ელემენტებს იმეორებს. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ეს? როგორია თქვენი რეაქცია?


ჯონ პენელი: ჩვენ საქართველოსთან თანამშრომლობის 30-წლიანი გამოცდილება გვაქვს. აქ იმისთვის ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დიდი ხანი არაა, რაც აქ ვიმყოფები, მაგრამ უკვე მომეცა შესაძლებლობა, შევხვედროდი ბევრ ადამიანს აქ, თბილისში, და დედაქალაქის გარეთაც, სხვადასხვა რეგიონში. ვიტყოდი, რომ ყველა ჩემმა შეხვედრამ –  პარლამენტის თავმჯდომარესთან იქნებოდა ეს, მინისტრებთან და მინისტრების მოადგილეებთან, მათ შორის ვიცე-პრემიერთან, ბიზნეს წრეებთან, თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან – მიჩვენა, რომ ხალხში შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორობის გაგრძელების დიდი ინტერესი არსებობს.

ამ დღეებში, აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ოცდაათი წლისთავი აღინიშნება და ამასთან დაკავშირებით ჩვენი ელჩი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებშიც მოგზაურობს. შეხვედრებისას ელჩი მუდმივად ისმენს საქართველოს მოსახლეობისგან დასავლური კურსის მხარდამჭერ განცხადებებს. ის, რაც ჩვენ ხალხისგან გვესმის, აშკარად ეწინააღმდეგება თქვენს მიერ ნახსენებ განცხადებებს. მსგავსი განცხადებები, სამწუხაროდ, საზოგადოების მეტ პოლარიზაციას იწვევს.

უნდა გითხრათ, რომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველი ხალხის, ბიზნეს სექტორის, ახალგაზრდა მეწარმეების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების შესაძლებლობებმა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, აქ უკვე 30 წელია ვმუშაობთ და ყურადღებით ვაანალიზებთ ჩვენს საქმიანობას და თვალი გვიჭირავს მის შედეგებზეც. შედეგებზე თუ ვისაუბრებთ, ჩვენი დახმარებით შეიქმნა ახალი სასწავლო პროგრამა დაწყებითი სკოლებისთვის, ხელი შევუწყეთ მოსამართლეთა გადამზადებას, უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, დავეხმარეთ ფერმერებსა და სხვა მეწარმეებს, ევროკავშირში ექსპორტის სტანდარტების დაკმაყოფილებაში. ამ სამუშაოს გაგრძელებას ვაპირებთ და ყველაფერს რასაც საქართველოს ხელისუფლებასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით ვაკეთებთ.

ინფორმაცია ჩვენი დახმარების შესახებ საჯაროდაა ხელმისაწვდომი, ხოლო მთელი პროცესი ძალიან გამჭირვალე და კონკურენტულია. სამწუხაროა, რომ ეს სამუშაო თავდასხმების სამიზნედ იქცა, ვინაიდან, ჩვენ აქ ქართველი ხალხის დასახმარებლად ვართ და მათი მხრიდანაც თანამშრომლობისა და პარტნიორობის სურვილი გვესმის.

სამოქალაქო საზოგადოებაზე მინდა გკითხოთ: ჩვენც ვაშუქებთ მმართველი პარტიის კამპანიას საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ, მათი დისკრედიტაციის მიზნით. ეს კამპანია იგება ისეთი ფრაზების გარშემო, როგორებიცაა "მდიდარი ენჯეოები", "ენჯეოების არაგამჭვირვალე კლანი" და "აშშ-ის გავლენის ქვეშ მყოფი ენჯეოები". USAID უკვე წლებია თავისი პროექტების მეშვეობით პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. ნება მომეცით გკითხოთ, რა მიზნით აკეთებს USAID-ი ამას, რა შედეგებს მიაღწია? როგორ ფიქრობთ, რა რეაგირება უნდა მოახდინონ დონორებმა იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის მცდელობები გაგრძელდება?

რა თქმა უნდა, ეს ისაა, რასაც ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. USAID-ში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მტკიცედ გვჯერა, რომ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი, გამჭვირვალე და მონაწილეობაზე დამყარებული დემოკრატიისათვის აუცილებელი ქვაკუთხედია.  

ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ვმუშაობთ. შეერთებულ შტატებშიც ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციები გვყავს, ისინი ადამიანის უფლებებს, მოქალაქეთა უფლებებს იცავენ, მთავრობისგან მის საქმიანობაზე ანგარიშვალდებულებას ითხოვენ და მოქალაქეთა საჭიროებებს პასუხობენ.

მხოლოდ გასულ წელს, საქართველოში ასზე მეტ სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ვიმუშავეთ, მაგალითად იმაზე, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მთავრობისგან სათანადო დახმარება მიეღოთ, ადგილობრივ თემებს გვერდში ამოდგომოდნენ ნარჩენების გადამუშავების თუ სასმელი წყლის მიწოდების თვალსაზრისით, სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე.

ჩვენი დახმარებით, არასამთავრობო ორგანიზაციები უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდნენ მათ, ვისთვისაც იურისტის ან ადვოკატის დაქირავება ხელმისაწვდომი არაა. მათი წყალობით, 90,000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო იურიდიული დახმარება, 14 ათას საქმეზე მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ადვოკატი ჰყოლოდათ. სწორედ ასეთ საქმეებს აკეთებს სამოქალაქო საზოგადოება და ამიტომაც არის მისი არსებობა მნიშვნელოვანი.  

ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, არასამთავრობოების მუშაობის დასასურათებლად: ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია ბავშვებს სკოლებში ჩარიცხვაში ეხმარება, როცა მათ გარკვეული იურიდიული ბარიერები ეღობებათ წინ. მაგალითად, ერთმა ბავშვმა დედა დაკარგა, მამამისი კი რუსეთის მოქალაქე იყო და მისი მოძებნა ვერ მოხერხდა. ბებიას უნდოდა, ბავშვზე მეურვეობა აეღო, თუმცა სამართლებრივი პროცედურების დასრულება გაჭიანურდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ბავშვის უფლებებს იცავდა, მეურვეობის საკითხის გადაჭრასაც მიაღწია და იმასაც, რომ ამ ბავშვს სკოლაში მიყვანაზე პრობლემები არ შექმნოდა – ახლა ის ბებიასთან ცხოვრობს და სკოლაში დადის. ასეთი საქმეების კეთების გამოა სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშიც. ამიტომაც გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას მომავალშიც.

ნება მომეცით, მედიის თავისუფლებისა და დეზინფორმაციის, ამ ორ ურთიერთდაკავშირებულ თემას შევეხო. ბევრი დამკვირვებელი წერს საქართველოს უკიდურესად პოლარიზებული სატელევიზიო მედიაგარემოს შესახებ, თუმცა იმავდროულად აღნიშნავს, რომ რეგიონებსა და ონლაინ მედია საშუალებებში სრულიად განსხვავებული, აქტიური, დამოუკიდებელი, საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად მომუშავე ჟურნალისტიკა არსებობს, რომელიც ცდილობს, რომ მტრულ დეზინფორმაციას გაუმკლავდეს. როგორც ვიცი, USAID-ს დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული პროგრამა აქვს, რომელიც უკვე დიდი ხანია ხორციელდება, ხოლო ცოტა ხნის წინ მედიის მხარდამჭერი ახალი პროგრამა დაიწყო. როგორია USAID-ის სტრატეგია, რის მხარდაჭერას აპირებთ ამ სფეროში და როგორ?

სამწუხაროდ, პოლარიზაცია და დეზინფორმაცია ის პრობლემებია, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას, მათ შორის ჩემი ქვეყანაც. ძალიან გვინდა, დავეხმაროთ როგორც საქართველოს, ისე ბევრ სხვა ქვეყანას, საინფორმაციო სივრცის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან დაცვაში.

ამის გასაკეთებლად, მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და მედია საშუალებებს, რომ ეთიკურად გამართული, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გაავრცელონ. ამ დახმარებას უკვე წლებია გავცემთ და მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ რეგიონებში, სადაც მოსახლეობა შეიძლება ქართულად არ საუბრობდეს – ასეთ შემთხვევებში ვეხმარებით მედიას, რომ უმცირესობებს ინფორმაცია მშობლიურ ენაზე მიაწოდონ.  

რთული ვითარებაა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად მდებარე რაიონებშიც. ჩვენი დახმარებით, მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ფაქტებზე დაფუძნებული, ეთიკურ პრინციპებზე დაყრდნობით მომზადებული ინფორმაცია მიიღოს, რაც სხვაგვარად მათთვის მიუწვდომელი იქნებოდა. ეს მნიშვნელოვანია, მით უფრო მაშინ, რომ მათ გარშემო დიდია რუსული მედიისა და დეზინფორმაციის გავლენა.

რამდენიმე კვირის წინ, მონაწილეობა მივიღე დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციურ კონკურსში. ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მეორე ასეთ კონკურსს ვატარებთ. ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ წარმოაჩინონ საკუთარი  უნარები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია არა მხოლოდ დეზინფორმაციასთან ბრძოლის, არამედ საქართველოში მედია წიგნიერების გაუმჯობესების მიზნითაც. ეს კონკურსი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, თავისი გამოცდილება და პროდუქტები საერთაშორისო მომხმარებელსაც გააცნონ და ეგებ შემოსავლის ახალი წყაროც გაიჩინონ, მით უფრო, როცა საქმე ეხება სოციალური მედიის ანალიზის ინსტრუმენტებს, მონაცემთა ბაზებს, ინფორმაციის აგრეგატორებს. ამ მიმართულებით საქართველში უზარმაზარ პოტენციალს ვხედავთ. 

მათთვის, ვინც კარგად იცნობს USAID-ის პროგრამებს, აშკარაა, რომ ბოლო წლებში დიდ ყურადღებას აქცევთ ბიზნესთან სინერგიის ხელშეწყობას. მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის კლასიკურ პროექტებში ბიზნესის ელემენტებია ინტეგრირებული, ახალგაზრდა აქტივისტების მხარდაჭერის პროგრამები დასაქმებაზე წვდომასაც ფარავს და ასე შემდეგ. რატომ ასეთი მიდგომა? უკვე რისი მიღწევა მოახერხეთ და ნიშნავს თუ არა ეს, რომ USAID-ის მიდგომა იცვლება?

დიახ, ჩვენი მიდგომა კერძო სექტორის ჩართულობის მიმართ დროთა განმავლობაში შეიცვალა. ვხედავთ, რომ მთელს მსოფლიოში და აქაც, საქართველოში, კერძო სექტორს ჩვენთან პარტნიორობის დიდი ინტერესი გააჩნია. კერძო სექტორთან თანამშრომლობა ინოვაციების ხელშეწყობის უამრავ შესაძლებლობას ქმნის და ეკონომიკის ზრდაში საზოგადოების უფრო ფართო ფენების ჩართვასაც უწყობს ხელს.

გასულ კვირას, საქართველოს პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორთან ერთად ახალი პროგრამა წამოვიწყეთ, რომელიც პირველ ეტაპზე 17 სხვადასხვა სფეროს მოიცავს. ესენია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ბიზნესი, ტურიზმი და სასტუმრო მომსახურება, საექთნო საქმე,  საავტომობილო მრეწველობა, მშენებლობა, პორტების განვითარება. ამ სფეროებში სადაც კერძო სექტორი სხვადასხვა ორგანიზაციებთან დავაკავშირეთ, რათა დავხმარებოდით იმ უნარების გამოვლენაში, რომლებიც საქართველოში სამუშაო ძალის მოდერნიზებისთვისაა საჭირო.

უნდა აღინიშნოს, რომ, მაგალითად საექთნო საქმიანობის სფეროში, სათანადო კვალიფიკაციისა და სერტიფიკაციის დანერგვა ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული მოთხოვნაა და ამ საკითხში საქართველოს საავადმყოფოებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ "თიბისი" ბანკთან ახალ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომელიც 30 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზის გახსნას ითვალისწინებს და რომლის ფარგლებშიც სესხებს მიიღებენ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებსაც ქალები მართავენ ანდა სოფლად მუშაობენ.

მოველით, რომ ეს პროგრამა ხელს შეუწყობს ათი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და 100 მილიონზე მეტის გამოიმუშავებს ახალი გაყიდვების სახით. ამგვარი ახალი შესაძლებლობების შექმნა სწორედ კერძო სექტორთან თანამშრომლობით შეგვიძლია.

მსგავსი შეთანხმებები გვაქვს როგორც „თიბისი“ ბანკთან, ასევე British Petroleum-თან, Adjara Group-თან და სხვებთან. მათთან თანამშრომლობით ვცდილობთ გამოვავლინოთ ეკონომიკური საჭიროებები, გამოვიყენოთ მათი ქსელი და გამოცდილება მოქალაქეების ეკონომიკურ აქტივობაში ჩასართავად.

საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრშია დამოუკიდებელი ინსტიტუტების ბედი, როგორებიცაა, მაგალითად, სახალხო დამცველის აპარატი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ახლა, ერთგან ახალი უფროსის დანიშვნას და მეორეგან ხელმძღვანელობის მოსალოდნელ ცვლილებას ბევრი შეშფოთებით უცქერს. როგორ უწყობს USAID-ის პროგრამები ხელს ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობას და ეფექტურობას?

სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერასთან ერთად, ვაგრძელებთ უფრო პოლიტიკურ სფეროში, სახალხო დამცველის აპარატისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხარდაჭერასაც. ძალიან ვამაყობთ ჩვენი თანამშრომლობით ორივე ამ ინსტიტუტთან.

სახალხო დამცველის აპარატთან და მის გუნდთან რამდენიმე ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. მათი დამოუკიდებული ინსტიტუტი ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებებზე რეაგირებას უზრუნველყოფს. ისინი უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ სხვადასხვა პრობლემაზე რეაგირების კუთხით და ცდილობენ, ეს კიდევ უფრო ოპერატიულად და სწრაფად გააკეთონ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ წარიმართოს და არჩეული კანდიდატი მაღალკვალიფიციური და ყველა მხარისთვის მისაღები პიროვნება იყოს. ეს ის თემაა, რასაც ყურადღებით ვადევნებთ თვალს, მით უფრო, რომ ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო თორმეტიდან ერთ-ერთი მოთხოვნაა.

რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც ვიცით, მათ ახალი ხელმძღვანელი ჰყავთ, რომელსაც უახლოეს მომავალში შევხვდებით. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოთი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ბოლო, ათწლეულის განმავლობაში გავწიეთ. სახალხო დამცველის აპარატის მსგავსად, ისინიც დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანოს როლს ასრულებენ, ოღონდ სახელმწიფო სახსრების მართვისა და განკარგვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ გავაგრძელებთ მათთან თანამშრობლობას. მიხარია, რომ აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახური (GAO) ამ საქმეში ჩვენი პარტნიორია და მოუთმენლად ველით ამ ძალისხმევის გაგრძელებას.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. იმედი გვაქვს, კიდევ მოგვეცემა გასაუბრების საშუალება.

პენელი: ასევე დიდ მადლობას მოგახსენებთ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / დეკემბერი 2024
ზუგდიდში პროევროპული აქციის მონაწილეები პროტესტის 23 - ე დღეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ისევ შეიკრიბნენ, შემდეგ კი ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
21 / დეკემბერი 2024
აფხაზეთში ამ დრომდე ეძებენ „დეპუტატ“ ადგურ ხარაზიას, რომელმაც 19 დეკემბერს, კოლეგას ესროლა.
20 / დეკემბერი 2024
ზუგდიდში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს. უფრო ადრე, ისინი მერიის შენობასთან შეიკრიბნენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.