ინტერვიუ
რატომ წავედი "ნაციონალური მოძრაობიდან" - ინტერვიუ თემურ ბასილაიასთან
მიხეილ სააკაშვილის მიერ "ღირსების ორდენით" დაჯილდოებულმა მისსავე თანამებრძოლმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაარსებიდან ამ პარტიის წევრმა თემურ ბასილაიამ 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ენმ დატოვა.

გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, თუმცა, რადიო "ათინათს" უყვება, რომ ეს შედეგი ათი თვის წინ დაწყებული პროცესების ლოგიკური დასასრულია.

ყველაფერი, როგორც თავად ამბობს, შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნით დაიწყო.

"საუბარია იმაზე, რომ, თითქოს, შიდაპარტიულმა არჩევნებმა და არჩევნების შემდგომ პერიოდმა, განვითარებულმა მოვლენებმა და დაპირისპირებამ გამოიწვია ის, რა გადაწყვეტილებამდეც მივედით. ჩვენ ყველამ ნათლად ვნახეთ, სამწუხაროდ, თუ რა ფორმით დადგა შიდაპარტიული არჩევნები იმ ჯგუფის მიერ, რომელიც აცხადებდა და ითხოვდა პრეზიდენტის ბიბლიოთეკიდან არჩევნების ჩანიშვნას. იმდროინდელი მენეჯმენტი დათანხმდა, რადგან განემუხტა სიტუაცია, ყოფილიყო დემოკრატიული პროცესები და ა.შ არ დაზიანებულიყო პარტია, შესაბამისად დათანხმდა და ჩაატარა შიდაპარტიული არჩევნები. ამას წინ უძღოდა ძალიან ცუდი, ანტიპიარკამპანიები, იმდროინდელი მენეჯმენტის და კონკრეტულად ნიკა მელიას და არამხოლოდ მის მიმართ. მთელი ბოტები, ტროლები - ყველაფერი ერთად იყო ჩართული და შემდგომ ძალიან დიდი გონივრული ეჭვი გაჩნდა არჩევნების პროცესის მართვის პერიოდშიც, თუ როგორ ჩატარდა ამ ხმების მიცემის პროცედურა, და ა.შ.

ახლა დაისმება კითხვა- რატომ ვაღიარეთ და ლეგიტიმაცია მივეცით ამ არჩევნებს? ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება იყო ნიკა მელიას და მენეჯმენტის მხრიდან, რომ მიულოცეს და აღიარეს არჩევნები ჩატარებულად. თუ შენ საუბრობ იმ მანკიერ მხარეზე, რომელიც შენს პარტიაში, შენს ოჯახში ხდება შიგნით - გაყალბებაზე, ანტიპიარზეც, ტროლებზეც, ბოტებზეც და ასე შემდეგ, როგორ შეიძლება შენ ელაპარაკო ხელისუფლებას საარჩევნო პროცესის დროს ამავე მეთოდებზე და ა.შ. იდენტურ მანკიერებებზე, რაც შენს პარტიაში მოხდა, რა თქმა უნდა, დამაზიანებელი იქნებოდა, თუმცა, ასე ვთქვათ, ამ ცუდმა მხარემ მაინც იჩინა თავი საბოლოო ჯამში და ვეღარ დაიმალა. მთელი ამ პროცესის მანძილზე, მთელი 10 თვის მანძილზე, მიდიოდა სწორედ საუბარი არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ მიმდინარე მოვლენებზე. ყოფილ მენეჯმენტსა და მის მომხრეებს, ასე რომ ვთქვათ, პირობითად, მელიას იმდროინდელ შტაბს და შემადგენლობას, რომელიც მხარს უჭერდა, გვქონდა იმის იმედი, რომ შემდგომ მაინც წარიმართებოდა პროცესი ისე, რომ განხეთქილება არ მოხდებოდა და დალაგდებოდა, ეს პოლიტსაბჭო იქნებოდა თუ სხვა. რაიონულ რგოლებში რაღაც არჩევნები ჩატარდა და არც იქ მიმაჩნია, რომ ნორმალური სიტუაცია იყო. სამწუხაროდ, ეს ასე არ აღმოჩნდა. ძალიან ბევრი წინადადება იყო შეთავაზებული ორივე მხარის მიმართ რაღაც კონსენსუსზე, მაგრამ სამწუხაროდ, აღმოჩნდა რომ ეს კონსენსუსი მხოლოდ ცალმხრივი მოწოდება იყო იმათი მხრიდან. როდესაც საერთო კომპრომისზე მიდიხარ, აქ შეუძლებელია, ერთმა მხარემ გასწიოს კომპრომისი, დაიხიოს რაღაც საკითხებზე, თვალი დახუჭოს და მეორე მხარისთვის ეს შეიძლება სრულიად მიუღებელი იყოს და მოგიწოდებდეს, მე მაინც ჯიუტად ვრჩები ჩემს გადაწყვეტილებებზე და შენ დამეთანხმე მე. ამ შემთხვევაში ჩვენ ასევე ვხედავდით მესამე პრეზიდენტის სიტუაციასა და როლს ამ მდგომარეობაში და ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ მის სიტყვას ექნებოდა ფასი, რა თქმა უნდა, მაგრამ ,სამწუხაროდ, მენეჯმენტმა ესეც არ გაითვალისწინა.

იყო რამდენიმე ვარიანტი ნეიტრალურ კანდიდატებზე, რომელთაც შეეძლოთ ეხელმძღვანელათ ბორდისთვის, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ამ მოწოდებაზე ვიღებდით იმას, რომ გარკვეული პიროვნებები ჩასხდებოდნენ თვითმფრინავში, მიფრინავდნენ კვიპროსში, კვიპროსიდან იღებდნენ დირექტივებს შევასრულოთ თუ არა მიხეილ სააკაშვილის დანაბარები ან შემოთვლილი "ვივამედიდან". ფაქტობრივად , იქ რა ჯგუფი იკრიბებოდა, ბატონი კეზერაშვილი იყო თუ სხვებიც იყვნენ , არ აქვს მნიშვნელობა, სხვაგან წყდებოდა, ადგილზე ის რესურსი არ არსებობდა ენმ-ში, რომელიც ამას პასუხს გასცემდა და მიიღებდა კოლექტიურ გადაწყვეტილებას", - ამბობს ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც ამ პოსტზე წლების განმავლობაში მუშაობდა.

ბასილაია "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. ჩრდილოვან და არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, რაც მისთვის და მისი თანამებრძოლების ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. ამბობს, რომ არცერთი წინადადება კომპრომისსა და შეჯერებაზე ახალმა ხელმძღვანელობამ არ მიიღო.

"გამოდის ის, რომ მთელი კამპანია, რაც თავიდან დაიწყო, როგორც საუბრობდა ყოფილი მენეჯმენტი, რომ არსებობდა ჩრდილოვანი მმართველი, რომელიც ცდილობდა პარტიაში არსებული ყველა რგოლის უზურპაციას, ნებსით თუ უნებლიედ, ამტკიცებდა დღევანდელი მენეჯმენტი.

ჩვენი, ნიკა მელია მომხრეების მხრიდან, 40 000 - ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი და მიმართა მენეჯმენტს, რომ შესაბამისად გაეთვალისწინებინათ ჩვენი ხედვა ერთიანეობაზე. როდესაც პოლიტიკურ ასპექტში განიხილავ გარკვეულ საკითხს, რა თქმა უნდა, შენს ამბიციაზე უნდა დაიხიო უკან და უნდა მიიღო ეს წინადადება ან ამ წინადადებაში რაღაც ნაწილი მისაღები უნდა იყოს.

მივიღეთ რა? არც კი განიხილეს საკითხი და პირდაპირ მყისიერი პასუხი გაგვცეს, რომ არავითარი ცვლილება არ მოხდება, არაფერი აღარ შეიცვლება, მობრძანდით და დაემორჩილეთ ამ ყველაფერს. იქ გამოიყენეს სიტყვები, რომ ასეა საჭირო, მანიფესტი და ა.შ.

მანიფესტთან უნდა მიდიოდე იმ განწყობით, რომ შენი ადგილი აქ იპოვე. იქ მიდიხარ შენ, როდესაც ხედავ, რომ ის მხარე ხელს გიწოდებს პოლიტიკურ საკითხებში, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ მივიღეთ. თვითონაც განაცხადეს, რომ ეს იყო ფორმალური ნაწილი ამ მანიფესტის, მთელი ეს მანიპულაციები, რაც ჩაატარეს და ყოფილა ორი თუ სამი კაცის გარიცხვა ძირითადი მოტივაცია ამ ყველაფრის.

ამოდენა რაღაცის აგორება, მე არ ვიცი, რამდენად რენტაბელური და მოსაწონი იყო პარტიისთვის, სრულიად გაუგებარია.

საბოლოო ჯამში მივიღეთ კრიზისი. კრიზისს აქვს თავისი დასაწყისი და აქვს დასასრული პარტიაში. ეს მივიდა იქამდე, რომ ეს ურთიერთობები მავნებლური ხდებოდა ორივე მხარისთვის.

ვფიქრობ, რომ ცივილურ სამყაროში პოლიტიკაში არსებობს გარკვეული მომენტი, როდესაც შენ ხედავ, რომ მიუღებელია ის მიდგომები, ის მოცემულობა, რომელთან ერთადაც გიწევს მუშაობა და ეს არ არის ის, სადაც შენ თავს კომფორტულად გრძნობ, მით უფრო, ეს არ იყო იმპერატიული გადაწყვეტილება, გარკვეულ დიდ ჯგუფთან, საარჩევნო კამპანიის წევრებთან, მომხრეებთან, შტაბების და კომისიების თუ საკოორდინაციო ჯგუფებთან შეთანხმებული საუბრით, ერთად მსჯელობით, საბოლოო ჯამში, მივედით იმ დასკვნამდე, რომ მეტი რესურსი აღარ დარჩა და ჯობდა ის გადაწყვეტილება მიგვეღო, რაც გადაწყვეტილებამდეც მივედით", - გვიყვება თემურ ბასილაია.

პარტიიდან წასვლას წინ უძღოდა ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის 17 წევრის მოთხოვნა ოპოზიციური პარტიის ახალი თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის გადადგომის შესახებ. მაშინ ზუგდიდელმა საკრებულოს წევრებმა განმარტეს, რომ ეს განმუხტავდა სიტუაციას.

"გადადგომა არ იყო მოთხოვნილი კონკრეტული მოტივაციით, რომ ხაბეიშვილი გადადგეს და მის ადგილას სხვა მოვიდეს, არამედ, გადადგეს იმ თვალსაზრისით, რომ 2024 წლის არჩევნების დასრულებამდე შეიქმნას საბჭო, რაღაც ჯგუფი და ამ საბჭომ მართოს, მიიყვანოს პარტია არჩევნებამდე. შემდეგ ჩაინიშნოს თავმჯდომარის არჩევნები, რომ პარიტეტული სიტუაცია ყოფილიყო და სტაბილიზაციისკენ წასულიყო ეს ყველაფერი. სამწუხაროდ ამაზეც უარი მივიღეთ", - იხსენებს ჩვენი რესპონდენტი.

ჩვენ ოპოზიციური პარტიის უკვე ყოფილ წევრს ვკითხეთ, გადადგომის მოთხოვნიდან ასე სწრაფად რატომ მიიღებს წასვლის გადაწყვეტილება. ბასილაიამ გვითხრა, რომ პროცესი პიკამდე იყო მისული.

"მე მთლიანობაში ვიტყვი, რომ სრულიად შეუთავსებელი აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, მთელი ის კამპანია, რაც აწარმოა დღევანდელმა მენეჯმენტმა. შეუთავსებელი აღმოჩნდა ის პრინციპები და მიდგომები, მართვის სტილი, რასაც ჩვენ ვხედავთ და ამ შეუთავსებლობაში შეუთავსებელი იყო, როდესაც საპირისპირო აზრს ან აკრიტიკებ ან განსხვავებულ აზრს სთავაზობ. როდესაც ეს ყოველმხრივ მიუღებელი ხდება და არის ცალმხრივი პედალირება ყველაფრის, შენ უკვე ხდები ე.წ ოფსაიდში, მაშინ უნდა მიიღო გადაწყვეტილება და სხვა გზას დაადგე.

ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს საერთო ღირებულებები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს, მათ შორის ის, რომ ქვეყანაში არ უნდა იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და დარწმუნებული ვარ, სწორედ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაც ოპოზიციური ძალების გამარჯვებასა და ერთობაზე გადის. მე წარმატებას ვუსურვებ ნებისმიერ ოპოზიციურ პროევროპულ ძალას, რომელიც იბრძოლებს ერთიანობისა და გამარჯვებისთვის", - დასძენს ბასილაია.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს. ამბობს, რომ ენმ-დან წასული გუნდი გადაწყვეტილებებს იღებს ერთიანად და მათი ბრძოლაც ერთიანი იქნება.

"ნიკა მელია არ არის ერთი ფიგურა, თუმცა არის ლოკომოტივი და არის ამ მოძრაობის ლიდერი , მაგრამ იქ ასევე არიან ძალიან ღირსეული ადამიანები, ისეთები, რომლებთანაც წლების მანძილზე მაკავშირებს ურთიერთობა და მეგობრობა, ვარდების რევოლუციის დაწყებიდან, მათ დიდი წვლილი მიუძღვით პარტიის არსებობაში, გაძლიერებაში, მონაწილეობა მიუღიათ ყველა მიტინგზე, ბრძოლაში, მე შემიძლია სახელი და გვარებიც დაგისახელოთ: ეკა ხერხეულიძეს, ნუგზარ წიკლაურს, აკო მინაშვილი, გიორგი პატარაია, კობა ნაყოფია და კიდევ ბევრი, მურთაზ ზოდელავაც, რომელსაც რეგიონშიც უზარმაზარი წვლილი მიუძღვის მუშაობაში.

ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით, ვართ ერთად, გვაქვს იდეალური კონსენსუსი ერთმანეთთან, არის გუნდი სადაც სიტყვას აქვს ფასი, სადაც ჩვენ ნამდვილად ერთად, მეგობრულად და კოლექტიურად ვიღებთ გადაწყვეტილებას. იმედია ყველაფერი კარგად იქნება და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს", - ასე დაასრულა ჩვენთან საუბარი თემურ ბასილაიამ.

ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე საათში "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა ნიკა მელიამ. მოგვიანებით, მან ახალი პლატფორმის დაფუძნებაც დააანონსა.

მანამდე ენმ დატოვეს ხობის, ბათუმის, ჭიათურის, კასპის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა.

რაც შეეხება ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" , 22 წევრიდან, მართალია, 14-მა პარტია დატოვა, თუმცა, ფრაქცია მუშაობს ჩვეულ ფორმატში განაგრძობს. თანამდებობას და მანდატს არ ტოვებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ბასილაიაც, ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივი კი ოპოზიციური საკრებულოს შენარჩუნებაა.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
04 / დეკემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის, "საჯარო მმართველობის" ფაკულტეტის სტუდენტები, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც 18 ადამიანი აწერს ხელს. ისინი ეხმიანებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდებიან ლექციებზე.
04 / დეკემბერი 2024
ზუგდიდში მორიგი საპროტესტო აქცია იწყება. მოქალაქეები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ იკრიბებიან.
04 / დეკემბერი 2024
წალენჯიხის მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსწავლეების ნაწილის გაფიცვას ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.