ძეგლთა დაცვის სფეროში ბოლო წლებში შექმნილი საგანგაშო მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურამ ოდიშარიას და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ივანე კიღურაძეს მიმართვას უგზავნიან. მიმართვის ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:
„საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები მივესალმებით საქართველოს ახალი მთავრობის, მათ შორის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის განცხადებას, რომ ამიერიდან ნებისმიერ სფეროში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიღებულ იქნება პროფესიულ წრეებთან მჭიდრო კონსულტაციებისა და ფართო საზოგადოებასთან თანამშრომლობის საფუძველზე. ეს განცხადება განსაკუთრებულ მნიშვნელოვანებას იძენს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა პროფესიონალთა საკმაოდ დიდი ნაწილის აზრის ანგარიშგაუწევლად. ამან მიგვიყვანა ისეთი პროექტების განხორციელებამდე, რამაც გამოიწვია არქიტექტურული და ურბანული მემკვიდრეობის შეუქცევადი დანაკარგები: რეაბილიტაციის სახელით თბილისის უძველეს უბნებში ავთენტური მოცულობების განადგურება, ახალციხეში რაბათის სიყალბით გაჯერებული პროექტის განხორციელება, თელავის ისტორიული ნაწილის იდენტობის დაკარგვა და ბატონის ციხის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების ნგრევა, იქვე მიმდინარე მსხვილმასშტაბიანი მშენებლობა და სხვა მრავალი.
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული საქართველოს სამი ძეგლიდან ბოლო პერიოდში ორი უკვე გადატანილია საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში. 1999 წლის შემდეგ კი, ქვეყანას არ წარუდგენია არცერთი ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად. ყოველივე ეს ნათლად მეტყველებს დარგში შექმნილ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში რეფორმის განხორციელების აუცილებლობაზე; რომელიც უნდა მოიცავდეს: მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკას, ინსტიტუციურ მოწყობას, საკანონმდებლო გარემოს, ძეგლთა დაცვითი მეთოდოლოგიის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. ყურადსაღებია ისეთი საკითხები, როგორიცაა: მემკვიდრეობის მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოს მიერ არაკონტროლებად
ტერიტორიებზე, მემკვიდრეობის განვითარების პროგრამების ინტეგრირება ქვეყნის სამომავლო გეგმებში, პროფესიონალთა აზრის და საზოგადოების თანამონაწილეობის უზრუნველყოფა მემკვიდრეობის მართვის პროცესში.
იმედს გამოვთქვამთ, რომ რეფორმა განხორციელდება გეგმაზომიერად და დაეფუძნება კულტურის ეროვნული პოლიტიკის სიღრმისეულ კონცეფციასა და გრძელვადიან სტრატეგიას.
ასევე აღვნიშნავთ, ამ დარგში მიმდინარე საერთაშორისო და ადგილობრივი პროგრამებისა, თუ ინიციატივების კოორდინაციის აუცილებლობას, კერძოდ, ისეთ პროგრამებთან, როგორიცაა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამა, თანამშრომლობა ურბანული განვითარებისა და დიალოგისთვის, მსოფლიო ბანკის ტურიზმის განვითარების
პროექტები და ა.შ. საჭიროდ მივიჩნევთ, მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროექტების სასწრაფოდ გადახედვას, რათა, სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი არასწორი ჩარევით გამოწვეული დანაკარგები. ეს პროექტები არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი პროფესიონალების და კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული საზოგადოების მხრიდან. კიდევ ერთხელ მივესალმებით ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებს და გამოვთქვამთ მზადყოფნას, აქტიურად ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან კულტურული მემკვიდრეობის სფეროს განვითარების საკითხებთან დაკავშირებით"–ნათქვამია მიმართვაში
მასალის გამოყენების პირობები