ზუგდიდის შალვა დადიანის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი მაია კალანდია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ კალანდია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს. თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მაია კალანდიამ რადიო "ათინათს" დაუდასტურა და განუცხადა, რომ ის დაკავებულ თანამდებობას თვის ბოლოს დატოვებს, მიზეზებზე კი, მოგვიანებით ისაუბრებს.
ზუგდიდის თეატრის მმართველი მაია კალანდია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:
"თეატრი და ნებისმიერი საჯარო ინსტიტუცია ეკუთვნის საზოგადოებას. თეატრის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა მსახიობია-ამაზე კონსტანტინე კაპანელის წერილი გამახსენდა,მაგრამ ამის ციტირებას აქ არ დავიწყებ. გამგები მიხვდება.
ჩემი ბოლო პროექტიც თეატრს დავუკავშირე. თეატრს და აფხაზეთის თემას. ამ თვის ბოლომდე ანგარიშის პერიოდი მაქვს და ამ პროექტთან ერთად დავემშვიდობები შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრს. პროექტს სხვაგვარად სხვაგან გავაგრძელებთ. მადლობა ღმერთს, ამის გონებრივი შესაძლებლობა მომცა ღმერთმა.
არასოდეს არ მიფიქრია, რომ ჩემს უკან დგას თეატრი. ჩემს უკან ჩემი შვილებიც არ დგანან. რადგანაც თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისუფლების არჩევანის უფლება. მე პიროვნება ვარ და ჩემს უკან ჩემი თავმოყვარეობა და ადამიანური პრინციპები დგას. არასოდეს არ გადამიხვევია და არც ახლა ვაპირებ ვუღალატო მათ.
არანაირი სურვილი არა მაქვს ვუყურო უნიჭო ინტრიგების ინსცენირებას. მე უფრო შემრცხვება ამის გამო.
მარადიული არაფერია ამქვეყნად. დირექტორის ვაკანსია ერთია. მსურველები ერთზე ბევრად მეტნი. სატკივარი და საწუხარი გაცილებით მეტი მაქვს და ამაზე არ ვაპირებ ნერვიულობას.
გამიხარდება ძალიან ჩემი თეატრის წარმატება. თეატრი ჩემი იყო იქამდეც, სანამ მმართველი და დირექტორი გავხდებოდი. დღეს მეტადრე ჩემია. ის ჩემი ქალაქის ნაწილია და არსად ვაპირებ ამ ქალაქიდან წასვლას", - წერს მაია კალანდია.
მასალის გამოყენების პირობები