წელს, სოფელ ძველ აბაშაში, ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე
გამსახურდიას სახლ-მუზეუმის
განახლება მოხდება. მუზეუმის ტერიტორიაზე ღია სცენა განთავსდება და
მოეწყობა გამსახურდიების ჯარგვალი. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან
დაფინანსდება.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე
გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული -
გუბერნატორი ლევან შონია. გუბერნატორს აბაშის მუნიციპალიტეტის
გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა კონსტანტინე გამსახურდიას
სახლ-მუზეუმში არსებული მდგომარეობა და განსახორციელებელი სამუშაოები
გააცნო.
გუბერნატორის განცახდებით, ღია სცენის გამართვა კონსტანტინე
გამსახურდიას სახლ-მუზეუმს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ახალ სივრცეში
სხვადასხვა ლიტერატურული საღამოები გაიმართება, იგეგმება კულტურული
ღონისძიებების ჩატარებაც.
კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში გასულ წელს გალავანი და
ჭიშკარი გაკეთდა, ასევე დამონტაჟდა გარე განათება და ეზოში მოეწყო
მოსასვენებელი ადგილები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 ათას
ლარამდე დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები