ქართული ფილმები ოსკარზე "საქართველოს კანდიდატი ფილმის" სტატუსის მოსაპოვებლად იბრძოლებენ
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 4
ქართული ფილმი იბრძოლებს.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, ამერიკის
კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს
შეერჩია 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის
ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შემოვიდა 4
განაცხადი. შესაბამისად, ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის
სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 4 ქართული ფილმი იბრძოლებს,
ესენია - „ჩემი ბედნიერი ოჯახი" (რეჟისორები - ნანა ექვთიმიშვილი და
სიმონ გროსი), „მძევლები" (რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი), „საშიში
დედა" (რეჟისორი ანა ურუშაძე) და „ლუკა" (რეჟისორი გიორგი
ბარაბაძე).
„რამდენიმე დღეში ეროვნული კინოცენტრი სპეციალური კომისიის წევრებს
დაასახელებს, რომელთაც ფარული კენჭისყრის საფუძველზე საქართველოდან
გამარჯვებული ფილმი უნდა გამოავლინონ. შერჩეული 4 ქართული ფილმის
ჩვენება კომისიის წევრებისთვის 29-30 აგვისტოს გაიმართება“, -
ნათქვამია ინფორმაციაში.
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონია,
რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებად ითვლება,
2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები