ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცაიშში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების "ქვის თაღოვან ხიდს" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
შესაბამის ბრძანებას ხელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ 19 ივლისს მოაწერა.
მერიის ინფორმაციით, ამჟამად ხიდი დაფარულია ბეტონის ფილით. საკუთრივ ხიდი ქვის თაღოვანი, ე. წ. ,,თამარის ხიდის’’ კატეგორიას განეკუთვნება და ნაშენია რიყისა და კირქვის კონგლომერატით.
ამავე ცნობით, აღნიშნული ხიდი ფეოდალური ხანის მატერიალური კულტურის ძეგლთა ჯგუფს განეკუთვნება და ისტორიულად, წარმოადგენდა სავაჭრო - საქარავნო გზების ქსელის აუცილებელ ელემენტს.
მერიაში ამბობენ, რომ საზოგადოების საინიციატივო ჯგუფი ხიდის რეაბილიტაციასა და ისტორიული იერსახის აღდგენას ითხოვს. მერიამ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შემდგომი სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოების მოსამზადებლად რეკომენდაციების მოსაზადებლად უკვე მიმართა.
ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
მასალის გამოყენების პირობები