84 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი რევაზ თავართქილაძე.
მსახიობს კვირას 8 სექტემბერს 15 საათზე მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენიდან გააცილებენ უკანასკნელ გზაზე და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
რეზო თავართქილაძე დაიბადა 1929 წელს, ქ. ბაქოში. 1933 წელს საცხოვრებლად ჩამოვიდა თბილისში. 1949 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით 1953 წელს დაამთავრა.
ამავე წლიდან მუშაობა დაიწყო მოზარდმაყურებელთა ქართულ თეატრში მსახიობად და პარალელურად საქართველოს რადიოკომიტეტის მოთხოვნით რადიოდიქტორად. საქართველოს ტელევიზიის დაარსებისთანავე წლების მანძილზე, რადიოდიქტორობასთან ერთად, იყო სატელევიზო გადაცემების წამყვანი: „ საესტრადო პანორამა“, „ ცისფერი კაფე“, „ ოქროპირი“.
1958 წელს ქ. მოსკოვში გამართულ თეატრების საკავშირო ფესტივალზე ბორის ძნელაძის როლის განსახიერებისთვის მიენიჭა “ თეატრების საკავშირო ფესტივალის“ ლაურეატის საპატიო წოდება.
1959 წელს ერთი სეზონით მსახიობად გადავიდა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში .
1960 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს განკარგულებით მოამზადა რუსულენოვანი პროგრამა საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „ რერო“-სთვის და როგორც კონფერანსიე ხანგრძლივი გასტროლით იმოგზაურა საბჭოთა კავშირის ქალაქებში.
1961 წელს მოღვაწეობა გააგრძელა მოზარდმაყურებელთა თეატრში.
1965 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.
1983 წელს სპექტაკლ „ ჩვენებურებში“ ილარიონის როლის შესრულებისათვის მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება.
1989 წელს ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და დაბადებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით დააჯილდოვეს საქართველოს სსრ კულტურის სიგელით.
1998 წელს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით.
2010 წელს რუსთაველის თეატრში, ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დააჯილდოვეს მარჯანიშვილის სახელობის პრემიით.
2011 წელს ვაკის სარდაფში დაიდგა სპექტაკლი „ სისხლი სისხლის წილ“ ( ლ. თაბუკაშვილის პიესის მოტივებზე). განასახიერა იონას როლი, რისთვისაც მიენიჭა პრემია „ დურუჯი“ მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.
10 წელი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თეატრალურ ინსტიტუტში.
2013 წლის 14 აპრილს მოზარდმაყურებელთა თეატრის წინ გაიხსნა პირველი ვარსკვლავი, რომელიც რეზო თავართქილაძის სახელობის გახლავთ.
სპექტაკლებში მონაწილეობისათვის იწვევდნენ სხვა და სხვა თეატრში: კ. მარჯანიშვილის სახ. აკადემიურ თეატრში, სამეფო უბნის თეატრში, სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატერში, მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრში.
ნათამაშები აქვს 14 კინო და სატელევიზო ფილმში.
მონაწილეობდა სატელევიზო დადგმებში, 400-ზე მეტ რადიოდადგმაში, გახმოვანებული აქვს 2000-ზე მეტი ფილმი.
სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად მუშაობდა თბილისის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში. მის მიერ განსახიერებული ბოლო როლი გახლდათ სპექტაკლში „ირინეს ბედნიერება”-რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები