ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთში მომხდარ ფაქტზე, რომელიც ცხოველის მკვლელობას ეხება, გამოძიება დაიწყო. ,,ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტმა“ საქმის გამოძიების თხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მიმართა.
ზესტაფონის რაიონში ახალგაზრდა ბიჭმა ძაღლი თოფით მოკლა და, როგორც ცხოველის პატრონი ამბობს, შემდეგ ნაჯახით თავი მოკვეთა და ფოტო გადაიღო. ფოტო სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა.
თამაზ ხუსკივაძე იხსენებს, რომ ძაღლი მას მაშინ გამოეკიდა, როდესაც ის სანადიროდ მიდიოდა. სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტო კი მაშინ გადაუღეს, როდესაც მოგვიანებით დანაწევრებული ძაღლი იპოვა.
,,რომ ვესროლე, არ მომკვდარა ეს ძაღლი, დაიჭრა და გაიქცა. რომ დავბრუნდი უკან, გადაჭრილი იყო ძაღლი. დასამარხად მომქონდა, უნდა დამემარხა და გადამიღეს სურათი“, _ აცხადებს თამაზ ხუსკივაძე.
სოფლის მცხოვრებლები ძაღლის გაძრახ მკვლელობას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ის ქუჩაში მარტო დადიოდა და ხალხს აშინებდა, ერჩოდა შინაურ ფრინველს.
ძაღლის აგრესიულობას გამორიცხავს მისი პატრონი ლეილა კიკნაველიძე, რომელმაც ნაგაზის ჯიშის ძაღლი ზაფხულის დასაწყისში შეიფარა. მისი ინფორმაციით, თამაზ ხუსკივაძემ ორი წლის ბიბის ჯერ თოფი ესროლა, შემდეგ კი სოფლის ნაგავსაყრელზე თავი მოაჭრა, მაგრამ ის ამ ფაქტს არ შესწრებია. როგორ ის აცხადებს, ის ძაღლის მოკვლით ემუქრებოდა.
,,ძაღლს ესროლეს დიდი აგური, თავზე ჰქონდა ტრავმა. გადავედი და ვთხოვე, რომ ბავშვების თანდასწრებით და საერთოდ ასეთი რამ არ უნდა გაეკეთებინა. მაშინ მითხრა, რომ თუ ქუჩაში იწანწალებს, მოვკლავო“, _ აცხადებს ლეილა კიკნაველიძე.
ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი ის ორგანიზაციაა, რომელმაც აღნიშნული კავკასიური ნაგაზის ისტორია საჯარო გახადა. მისი ერთ–ერთი დამფუძნებლის თიკო კვალიაშვილის განცხადებით, საქართველოში ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები ხშირია. ორგანიზაციაში დამნაშავის დასჯას ითხოვენ.
სისხლის სამართლის 259 მუხლის თანახმად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე.
,,სამწუხაროდ, ეს მუხლი, რომელიც უნდა იცავდეს ცხოველთა უფლებებს, არის `გაყინული~. ჩემი აზრით, ძალიან ბევრი რამ არის ჩასამატებელი“, _ აცხადებს თიკო კვალიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები