საქართველო ვილნიუსის სამიტზე უაღრესად კარგი შედეგით მიდის. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ასოცირების ხელშეკრულების ერთ წელიწადში ხელმოწერა მთავრობის მთავარ სტრატეგიად რჩება.
"ჩვენ ჩავატარეთ სამაგალითო, ევროპული ტიპის არჩევნები, რაც არის უაღრესად კარგი წინაპირობა იმისთვის, რომ ევროპის წინაშე წარვსდგეთ. მიგვაჩნია, რომ საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია. აქცენტს გავაკეთებთ მომავალ გეგმებზე - ასოცირების შემდგომ პერიოდსა და ხელმოწერაზე", - განაცხადა მარგველაშვილმა.კითხვაზე, რამდენად შეიძლება, დაემუქროს ის საფრთხე საქართველოს, რაც უკრაინას შეექმნა, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ერთიანია იმ ხედვაში, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია."ნათლად ხაზი გავუსვით, რომ ეს არის ის არჩევანი, რომლის ირგვლივაც აქტიურად კონსლიდირდება მთელი საზოგადოება. შესაბამისად, ნებისმიერ სირთულესა და გამოწვევას, რომელიც შესაძლებელია გვქონდეს, ჩვენ როგორც ხელისუფლება, ასევე საზოგადოება ერთად გადავლახათ და ბუნებრივია, ის ამბიციური გეგმა, რომ ერთ წელიწადში ხელი უნდა მოეწეროს ასოცირების ხელშეკრულებას, მთავრობის მთავარ სტრატეგიად რჩება", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები