ზუგდიდის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის ალექსანდრე დანელიას გარდაცვალების ფაქტს ეჭვქვეშ აყენებენ ოჯახის წევრები. გია დანელია, რომელიც ალექსანდრე დანელიას ბიძაშვილია ამბობს, რომ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფოირმაცია აქვს მოსაყოლი.
„არც არავინ არ მოსულა ჩვენთან და არ უკითხია არანაირი ვერსია, ჩვენ ვერსიები ბევრი გვაქვს. მინდა, რომ სანამ საზოგადოებას ვაუწყებთ ამ ვერსიების შესახებ იქნება და ინებოს საგამოძიებო დანაყოფიდან რომელიმე წარმომადგენელმა და მოვიდეს და გვკითხოს, რას ვფიქრობთ ამის შესახებ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რაღაცა ვიცით“, - აცხადებს ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში გია დანელია და დასძენს, რომ მისი ბიძაშვილი ერთი წლის წინ გატაცებული იყო.
გია დანელია შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ „ასე ნაადრევად თვითმკვლელობის ვერსიის გაჟღერება, მით უმეტეს უმაღლესი პირების მხრიდან შეურაცხმყოფელია ყველასთვის. ვიცი, რომ მასზე ხორციელდებოდა დიდი ზეწოლა“. გია დანელიას მტკიცებით, მისი ბიძაშვილის საქმეს საერთო არ აქვს ხურჩის ტერაქტთან. დღეს ადვოკატმა რომეო საჯაიამ განაცხადა, რომ ალექსანდრე დანელიას ხურჩის ტერაქტთან დაკავშირებით ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის მიზეზი გახდა. საჯაია არ გამორიცხავს, რომ დანელია მოკლეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე დანელიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ალექსანდრე დანელიას ცხედარი 24 ნოემბერს იპოვეს ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში. მას ტყვია გულ-მკერდის არეში აქვს მოხვედრილი.
დანელია ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. იგი აფხაზეთიდან დევნილია და მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები