კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ ქალაქის ცენტრში 1-ელი დეკემბრიდან 2014 წლის 7 იანვრის ჩათვლით მასობრივი აქციების ჩატარება აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ადვოკატ ევგენია ზაკრევსკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ქალაქ კიევის ადმინისტრაციის სარჩელი",-აცხადებს მოპასუხე მხარის ადვოკატი.
აკრძალვა შეეხო ბანკოვის ქუჩას, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული, გრუშევსკის ქუჩას, სადაც პარლამენტი მდებარეობს, ბოგომოლეცის ქუჩას, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაა. ასევე ევროპის მოედანს და თავისუფლების მაიდანს.
რაც შეეხება ევროინტეგრაციის მომხრეებს, ისინი ამ დრომდე იმყოფებიან კიევის ცენტრში, მიხაილოვსკის მოედანზე, სადაც ევრომაიდანზე მომხდარი დარბევის შემდეგ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები დღეს გეგმავენ ტარას შევჩენკოს ძეგლთან შეკრებას და იქედან აპირებენ კოლონებად დაიძრან თავისუფლების მაიდანისკენ.
მასალის გამოყენების პირობები