ევროინტეგრაციის მომხრეებმა დღეს მაიდანიდან მთავრობის სახლისკენ გადაინაცვლეს. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, მომიტინგეებმა შენობის შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს.
როგორც ცნობილია, კიევის მერიისა და პროფკავშირების სახლი მომიტინგეებს აქვთ დაკავებული. ამ ფაქტთან დაკავშირებით უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. პოლიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, ნებაყოფლობით დატოვონ დაკავებული შენობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შესაბამის ზომებს მიიღებენ.
რაც შეეხება გუშინდელ დღეს, პრეზიდენტის სასახლის ბლოკირების შემდეგ უკრაინის სპეცრაზმმა "ბერკუტმა" მომიტინგები დაარბია, შედეგად დაშავდა 160-მდე ადამიანი, აქედან 100-ის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. რაც შეეხება სამართალდამცავებს, დაშავებული 100 სპეცრაზმელი და 50 სხვა სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელი.
წუხელვე აქციის მონაწილეები შეეცადნენ კიევის ცენტრში მდებარე ლენინის ძეგლის ჩამოგდებას, თუმცა მათ ამის საშუალება "ბერკუტმა" არ მისცა.
სპეცრაზმელებმა ძეგლს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს. თვითმხილველების განცხადებით, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა ლენინის ძეგლს წარწერები გაუკეთეს და მისი ჩამოგდება სცადეს, ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და ახალგაზრდები ძალის გამოყენებით დაშალა.
ამის შემდეგ კიევში ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა. რაც შეეხება ოპოზციის ლიდერებს, ისინი ხელისუფლების მიმართ მოთხოვნებს ამზადებენ.
"ipn"
მასალის გამოყენების პირობები