სინოპტიკოსები ხვალ დასავლეთ საქართველოს სანაპიროზე შტორმს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, რომ , ხვალ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება, რის შედეგადაც ამინდი მკვეთრად გაუარესდება. ქვეყნის დაბლობში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მთასა და მაღალმთებში თოვა და ქარბუქი.
დასავლეთ საქართველოში იქროლებს ძლიერი ქარი 20-25 მეტრი წამში, შავი ზღვის სანაპიროზე ქარის სიჩქარე 28 მეტრ წამი იქნება. ამასთან, შავ ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში, დღის ბოლოს, წვიმა შეიძლება თოვლში გადავიდეს.
ამასთან, ხვალ ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მაღალმთაში - ქარბუქი. იქროლებს ძლიერი ქარი, მათ შორის თბილისში - 20-25 მეტრი წამში, ზოგან ქარის სიჩქარემ შესაძლოა 28-30 მეტრს მიაღწიოს.
4 დეკემბრიდან 8 დეკემბრამდე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა რამდენიმე დღით სიცივე შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები