თვითმმართველობის კანონი თუ განხორციელდა, ეს საქართველოს დაშლა იქნება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
უწმინდესი სხვა საკითხებთან ერთად პარლამენტისა და ხელისუფლების მიერ თვითმმართველობის კოდექსის განხილვის საკითხს შეეხო.
"ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისუფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც. ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში. ამას არ სჭირდება შუა რგოლი. ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს, უნდა შეისწავლოს რა სჭირდება თითოეულ რაიონს. ჩვენი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ პრობლემა, რომელიც არსებობს ამა თუ იმ რაიონში, იყოს გამოსწორებული. რატომღაც ზოგიერთი ცდილობს, რომ კანონი სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს განხილული მთელი ერის მიერ. ხალხმა უნდა იმსჯელოს რა არის მისაღები საქართველოსთვის. ამიტომ, არ უნდა ვიჩქაროთ. ხალხი უნდა გაეცნოს თვითმმართველობის ამ კანონს. მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს პარლამენტს და ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით ამის მიღებაში", - აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქმა მთიანი რეგიონების სოფლების პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთა მოსახლეობისგან თანდათან იცლება.
"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მთიან რაიონებში შევქმნათ ისეთი პირობები, ხალხს აღარ მოუნდეს იქედან წამოსვლა. კურთხეულია ჩვენი მთაც და ბარიც. მე მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციოს მთას და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ხალხი მთაში ცხოვრებით კმაყოფილი იყოს",-განაცხადა ილია მეორემ.
"ipn"
მასალის გამოყენების პირობები