"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტის განხილვას პარლამენტი მიმდინარე კვირიდან იწყებს. 6 დეკემბრისთვის ჩანიშნულია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი სწორედ "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტებია. თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტის გარდა, ცვლილება 23 კანონში უნდა შევიდეს.
კანონპროექტის უმთავრესი სიახლეა, რომ იზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და ნაცვლად დღეს არსებული ხუთი თვითმმართველი ქალაქისა (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი), ეს სტატუსი იმ ქალაქებსაც მიენიჭებათ, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია (მაგალითად, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი და ა.შ.).
თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომელთა ბაზაზეც მუნიციპალიტეტები ჩამოყალიბდება. საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის გაყოფას ორ ან მეტ მუნიციპალიტეტად. თვითმმართველი ერთეულების (ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების) მმართველი რგოლები არჩევითი იქნება. კოდექსის პროექტით, ასევე განსაზღვრულია სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც თვითმმართველობის კოდექსი არეგულირებს, არის ის, რომ გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან საკრებულოს წევრები. ეს ორგანო ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
კოდექსით განისაზღვრულია თვითმმართველი ერთეულების ფისკალურ დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებული საკითხებიც.
პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი მთავრობაა. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა.
ამასთან, თვითმმართველობის კოდექსზე დღეს ისაუბრა საქართველოს კათოლიკოს-პატრირქმა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ ეს კანონი განხორციელდა, ეს საქართველოს დაშლა იქნება.
"ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისუფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც. ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან.
ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში. ამას არ სჭირდება შუა რგოლი. ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს, უნდა შეისწავლოს რა სჭირდება თითოეულ რაიონს. ჩვენი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ პრობლემა, რომელიც არსებობს ამა თუ იმ რაიონში, იყოს გამოსწორებული. რატომღაც ზოგიერთი ცდილობს, რომ კანონი სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს განხილული მთელი ერის მიერ. ხალხმა უნდა იმსჯელოს რა არის მისაღები საქართველოსთვის. ამიტომ, არ უნდა ვიჩქაროთ. ხალხი უნდა გაეცნოს თვითმმართველობის ამ კანონს. მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს პარლამენტს და ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით ამის მიღებაში", - აღნიშნა უწმინდესმა დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას.
"ipn"
მასალის გამოყენების პირობები