თვითმმართველობის კოდექსის პროექტში რამდენიმე ნორმა შეიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, პარლამენტის სხდომაზე წარმოდგენილი იქნება კოდექსის უფრო მოდიფიცირებული და დახვეწილი ვარიანტი.
"თვითმმართველობის კოდექსი არსებითი საფრთხეების შემცველი არასდროს ყოფილა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო 2 დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ინტენსიური კონსულტაციები გაიმართა; რამდენიმე ნორმა გადაიხედა და შეიცვალა. შესასბამისად, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე წარმოდგენილი იქნება კოდექსის უფრო მოდიფიცირებული და დახვეწილი ვარიანტი, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საფრთხეები არის არაარსებითი", - განაცხადა ნარმანიამ.
ამასთან, მინისტრის თქმით, კონსულტაციები გაიმართა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც, "რაზედაც ბოლო პერიოდში ხშირად ხდება ხაზგასმა"'.
"ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც შსს-ს რეკომენდაციები, ისე ფინანსთა სამინისტროს შენიშვნები. არასდროს ყოფილა ეს კოდექსი არსებითი საფრთხის შემცველი, მაგრამ შესაბამისი ნორმა კიდევ უფრო შევარბილეთ", - განმარტა მან და იქვე დასძინა, რომ პირადად მას პატრიარქთან შეხვედრა გუშინ არ ქონია.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, პატრიარქს ირაკლი ღარიბაშვილი და დავით უსუფაშვილი შეხვდნენ.
"ipn"
მასალის გამოყენების პირობები