კიევში, მაიდანზე შეკრებილები შინაგანი ჯარებისა და "ბერკუტის" ალყაში არიან მოქცეული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ძალოვანმა სტრუქტურებმა შტურმით აიღონ პროფკავშირების სახლი, სადაც ევრომაიდანის აქტივისტები არიან შეკრებილი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, "ბერკუტის" ავტობუსებმა კიევში, ცუმ-ის შენობასთან მოძრაობა გადაკეტეს. შინაგანმა ჯარებმა კი მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს.
ამასთან, ოპოზიციის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ მაიდანზე შეკრებილებს მოუწოდა დამოუკიდებლობის მოედანზე გადავიდნენ.
"ხელისუფლება ცდილობს, რომ ფსიქოლოგიურად გაგვტეხოს და შეგვაშინოს, მაგრამ ჩვენ განვაგრძობთ მტკიცედ დგომას. მოვუწოდებთ ყველას მაიდანზე მოსვლისკენ. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო მალე ჩავშლით ხელისუფლების გეგმებს", - განუცხადა კლიჩკომ მომიტინგეებს.
ამასთან, კლიჩკომ უსაფრთხოების მიზნით შეკრებილებს მოუწოდა, ქალებსა და ბავშვებს მაიდანი დაეტოვებინათ.
მასალის გამოყენების პირობები