"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტი პირველი მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გავა. ყველა სავალდებულო კომიტეტის დადებითი დასკვნის შემდეგ წამყვანმა - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა თვითმმართველობის კოდექსის პროექტი უკვე განიხილა.
საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, პლენარული სხდომისთვის თვითმმართველობის კოდექსის პროექტი მზად არის.
ცვლილების თანახმად, არსებულ 5 თვითმმართველ ქალაქს დაემატება დღევანდელი სამხარეო ცენტრების კიდევ 7 ქალაქი და სულ 12 თვითმმართველი ქალაქი იქნება, სადაც მერები პირდაპირი წესით აირჩევიან.
როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, არ არის გამორიცხული, კანონში ამ ქალაქების ჩამონათვალი არ იყოს ჩაწერილი, მაგრამ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება მიღებულია.
დეპუტატ გია ჟორჟოლიანის აზრით, ეს 7 ქალაქი არჩევნებამდე უნდა გამოიყოს და იქ არჩევნები ცალკე უნდა ჩატარდეს. როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, დარჩენილი ტერიტორიები როგორ დაიყოფა, ეს განსაზღვრულია იმ წესით, რომელიც გარდამავალ დებულებებშია წარმოდგენილი, მაგრამ ეს წესი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება იმისგან, რაც დღეს მოქმედებს.
ამასთან, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რეგიონული კოლეგიური ორგანოების ნაცვლად საკონსულტაციო ფუნქციების საბჭოები შეიქმნება, რომლის შემადგენლობაში პოლიტიკური წარმომადგენლობის ნაცვლად არჩეული მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები იქნებიან.
საკონსულტაციო საბჭოების წევრები მონაწილეობას მიიღებენ კონსულტაციებში, განხილვებში, მუნიციპალიტეტთაშორისი საკითხებისა და პროექტების განხილვაში. მათ არ ექნებათ ის უფლებამოსილებები, რაც ადრე იყო კანონპროექტში წარმოდგენილი, მათ შორის გუბერნატორის გადაყენების უფლებამოსილება, ანუ მას წმინდა საკონსულტაციო ფუნქცია ექნება.
ამასთან, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობებისა და საუბნო საზოგადოებრივი თვითმმართველობების შესახებ ცალკე კანონი მომზადდეს, მოსახლეობასთან უფრო დეტალური და ინტენსიური მუშაობისა და კონსულტაციების შედეგად. გარდამავალ დებულებაში შეიძლება ჩაიწეროს, რომ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი აიღებს ვალდებულებას, რომ კომიტეტი მომავალი წლის ბოლომდე ამ კანონპროექტს პარლამენტში წარადგენს.
"ipn"
მასალის გამოყენების პირობები