სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ორგანიზებით იმართება.
საპროტესტო აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები მონაწილეობენ. ასევე იქ იმყოფება "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და სხვა უფლებადამცველები, რომლებიც ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი. მიმართვაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა 2012 წელს ხმა მისცეს "ქართულ ოცნებას", რათა მშვიდობიანი გზით დაესრულებინა ანტიდემოკრატიული ავტორიტარული რეჟიმი.
"ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ განვლილ 1 წელიწადში ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადებით და ლიბერალიზაციისაკენ მიმართული ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილებებით გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სამართლიანობის აღდგენის გზაზე, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ გზაზე მოძრაობა ჯერ შენელდა, ხოლო დღეისთვის ის თითქმის შეჩერებულია. თქვენს მიერ შეპირებული მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ კანონის მიღების და ამ კომისიის ამუშავებით საზოგადოება მოთმინებით ელოდა სასამართლოების მიერ ბოლო წლებში დადგენილი უსამართლო განაჩენების გადახედვის შესაძლებლობას, თუმცა ამ კომისიის გადავადებასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ცივი წყალი გადაასხა ჩვენს მოლოდინებს", - ნათქვამია ხელისუფლებისადმი აქციის მონაწილეების მიმართვაში.
ისინი ითხოვენ "ქართული ოცნების" მიერ დაპირებული სამართლიანობის აღდგენის შესრულებას, ასევე დამნაშავე პირებისათვის სამართლიანი სასამართლოს მიერ დადგენილ განაჩენებს, უდანაშაულო და უსამართლოდ ბრალდებულ მოქალაქეთა გათავისუფლებას და ასევე უკანონოდ ჩამორთმეული ქონების მფლობელებისათვის დაბრუნებას.
"ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის ან მათი შესრულების მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან ინერტულობისა და პასიურობის გამოჩენის შემთხვევაში ჩვენ მოვითხოვთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რათა სამართლიანობის აღდგენის შესახებ "ქართული ოცნების" დანაპირები შეასრულოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ამის უნარი, სურვილი და შესაძლებლობა გააჩნია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დროულად გამონახოთ ეფექტური გზები სამართლიანობის აღდგენის გზაზე და გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით", - აღნიშნულია აქციის მონაწილეების განცხადებაში.
პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა დადგეს კარვები, სადაც მიმდინარეობს რეგისტრაცია. რეგისტრაციას გადიან ის პირები, რომლებიც ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.
აქციაზე ასევე გამოფენილია სხვადასხვა აქციების, მანიფესტაციების დროს მოქალაქეების დარბევის ამსახველი სურათები. ასევე, გამოტანილია პლაკატები, რომლითაც აქციის მონაწილეები ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას, ასევე მართლმსაჯულების ხარვების დამდგენი კომისიის შექმნას.
მასალის გამოყენების პირობები