სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ პირველი სამუშაო დღე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მშენებლობების დათვალიერებით დაიწყო. სამეგრელოს გუბერნატორმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან, ედიშერ თოლორაიასთან ერთად კოკი–ხურჩის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესს დაესწრო და ზუგდიდის ყინულის სახლი დაათვალიერა.
"ცხოვრება იწყება იქ სადაც არის გზა. საკმაოდ ხარისხიანი მუშაობა მიდის . როგორც ამიხსნეს აქ 40 ადამიანია დასაქმებული და მათი ხელფასი 1 000 ლარს აღწევს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია", - განუცხადა ჟურნალისტებს სამეგრელო–ზემო სვანეთის ახლად დანიშნულმა გუბერნატორმა ლევან შონიამ.
კოკი–ხურჩის საავტომობილო გზის მშენებლობა 1,5 მილნ ლარით დაფინანსდა. გზის ამ მონაკვეთზე ბეტონისა და ასფალტის საფარის დაგება თებერვლის ბოლოს დასრულდება.
ამასთან, ხურჩის მოსახლეობისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის პროგრამა 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ამ პროგრამისთვის ზუგდიდის ადგილობრივ ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 20 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ცნობისთვის, სოფელი ხურჩა გალის რაიონ სოფელ ნაბაკევს ესაზრვრება.
მასალის გამოყენების პირობები