აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა განაცხადა, რომ ქვეყნის საწვავის ბაზარი ტოტალური დეფიციტის ზღვარზეა.
როგორც SOCAR-ის პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა განაცხადა, ბენზინის მოხმარება აზერბაიჯანში მის წარმოებას უთანაბრდება.
”ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საწვავის ბაზარზე ვითარების გაუმჯობესებისთვის”, - აღნიშნა აბდულაევმა. მან ბენზინის დეფიციტი ქვეყანაში ავტოპარკის ზრდის ბუმს დაუკავშირა.
ამასთანავე, კომპანია არ აპირებს, უარი თქვას euro 3 -ს სტანდარტის ბენზინის გამოშვებაზე და პირობას დებს, რომ გაუმჯობესებული ხარისხის მიუხედავად, საწვავს არ გააძვირებს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სიდიდით მეორე საწვავის იმპორტიორია. 2013 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში შემოტანილი ბენზინისა და დიზელის 25,7% (193,3 ათასი ტონა) სწორედ აზერბაიჯანული იყო. პირველ ადგილზე, 34,5%-ით, რუმინეთია (259,0 ათასი ტონა), მესამეზე, 16,2%ით - ბულგარეთი (121,9 ათასი ტონა), ხოლო მეოთხეზე, 14,1% -ით - რუსეთი (105,9 ათასი ტონა).
მასალის გამოყენების პირობები