შინაგან საქმეთა სამინისტრო გასული 2013 სრული კალენდარული წლის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემები კრიმინოგენურ მდგომარეობას როგორც ქვეყნის მასშტაბით , ასევე რეგიონების მიხედვით ასახავს. შსს-ს ინფორმაციით, 2013 წელს, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, დანაშაულის 10036 ერთეულით კლება დაფიქსირდა, რაც 25,7%-ს შეადგენს, გახსნის მაჩვენებელმა კი 40,9%-ით მოიმატა და 59,9%-ს შეადგენს.
შსს ასევე აქვეყნებს დეკემბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით და რეგიონების მიხედვით. 2013 წლის დეკემბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 1470 ერთეულით იკლო, რაც 36,9%-ია, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27,4%-ით მოიმატა და 50,2%-ს შეადგენს.
2013 წელს ქვეყნის მასშტაბით 28970 დანაშაული მოხდა, საიდანაც გახსნილია 17 339 და გახსნის მაჩვენებელმა 59,9% შეადგინა. გასულ წელს თბილისში 14 033 დანაშაული მოხდა, საიდანაც გახსნილია 6494. გახსნის მაჩვენებელმა დედაქალაქში 46,3 პროცენტი შეადგინა. 2012 წელთან შედარებით თბილისში დანაშაულის რაოდენობამ 2512-ით (15,2%) იკლო, გახსნილის მაჩვენებელმა 27%-ით იკლო.
იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში 2013 წელს 2811 დანაშაული მოხდა. გახსნილია 2288 (81,4%) დანაშაული. 2012 წელთან შედარებით სამივე რეგიონში ერთად დანაშაულის რაოდენობამ 2804-ით (49,9%) იკლო, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა 63,5%-ით იმატა.
ქვემო ქართლში გასულ წლის დანაშაულის რაოდენობამ მთლიანობაში 1983 შეადგინა, გახსნის მაჩვენებელმა კი 61% შეადგინა. 2012 წელთან შედარებით ქვემო ქართლში დანაშაულის რაოდენობამ 57,1-ით იკლო, გახსნის მაჩვენებელმა კი 50%-ით მოიმატა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში 2013 წელს 1521 დანაშაული მოხდა, საიდანაც გახსნილია 1102 (72,5%). 2012 წელთან შედარებით დანაშაულის რაოდენობამ 1248-ით (45,1%) იკლო, გახსნის მაჩვენებელმა კი 51,9-ით იმატა.
აჭარაში გასულ წელს ჩადენილი დანაშაულის რაოდენობამ 2947 შეადგინა, გახსნის მაჩვენებელი 66,5%-ია. აჭარაში დანაშაულის რაოდენობამ 2012 წელთან შედარებით 15,4%-ით იკლო, ხოლო გახსნის მაჩვენებლებმა 55,5%-ით იმატა.
შიდა ქართლში 2013 წელს 1395 დანაშაული მოხდა. აქედან გახსნილია 997. შიდა ქართლში 2013 წელს მომხდარი დანაშაულის რაოდენობამ 2012 წელთან შედარებით 11,9%-ით იკლო, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა 45,6 იმატა.
კახეთში გასულ წელს 2012 დანაშაული მოხდა, საიდანაც 1704 გაიხსნა. 2012 წელს აღნიშნულ რეგიონში 2161 დანაშაული მოხდა. 2013 წელს დანაშაულის რაოდენობამ კახეთში 6,5%-ით იკლო, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა 52,6%-ით იმატა.
მცხეთ-მთიანეთში 2013 წელს 844 დანაშაული მოხდა, რომლის 70,6% გახსნილია. 2013 წელს 2012 წელთან შედარებით დანაშაულის რაოდენობის 8,2%-იანი კლება დაფიქსირდა, გახსნის მაჩვენებელმა კი 53,5%-ით იმატა.
გურიაში 2013 წელს 619 დანაშაული მოხდა, საიდანაც გახსნილია 353 (57%). აღნიშნულ რეგიონში გასულ წელს, 2012 წელთან შედარებით დანაშაულის რაოდენობამ 7,6%-ით იკლო, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა 32,7%-ით იმატა.
სამცხე-ჯავახეთში 2013 წელს 796 დანაშაული მოხდა, გახსნის მაჩვენებელმა კი 79,9% შეადგინა. 2012 წელთან შედარებით დანაშაულის მატება დაფიქსირდა 24,6%-ით, გახსნის მაჩვენებელმა კი ასევე იმატა 28,1%-ით.
2013 წლის დეკემბერში ქვეყნის მასშტაბით 2511 დანაშაული მოხდა, საიდანაც 1260 (50,2%) გახსნილია. 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დანაშაულის მაჩვენებელმა 36.9%-ით იკლო, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა 24,4%-ით იმატა.
მასალის გამოყენების პირობები