აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი კეიტლინ ჰეიდანი უკრაინის ხელისუფლებას კიევის ცენტრიდან სპეცდანიშნულების რაზმის გაყვანას და ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებას სთხოვს. ამის შესახებ უკრაინული TSN იუწყება.
ამასთან, კეიტლინ ჰეიდანის განცხადებით, თუ უკრაინის ხელისუფლება ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, აშშ მათ წინააღმდეგ სანქციებს გამოიყენებს.
"მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები, რომელიც უკრაინის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს, მათ შორის გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მოეწერა ხელი. ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კიევის ცენტრიდან სპეცდანიშნულების რაზმის გამოყვანისა და პოლიტიკურ ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებისკენ", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
კიევში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის წუხანდელი შეტაკებების შედეგად საერთო ჯამში ასზე მეტი ადამიანია დაშავებული. სიტუაცია კიევში მას შემდეგ დაიძაბა, რაც უმაღლესმა რადამ 16 იანვარს მიიღო კანონები, რომელიც აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს და სამოქალაქო აქტივობის შეზღუდვას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები