თბილისში ჩახუტების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით, ახალგაზრდები თბილისის სხვადასხვა ცენტრალურ ქუჩაზე იკრიბებიან და გამვლელებს ეხუტებიან.
"ჩახუტების დღის იდეა ადამიანების მიმართ სითბოს, ყურადღებისა და კეთილგანწყობის გამოხატვაა. ამ ჟესტით გვსურს გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი საზოგადოებისკენ, რომელიც ეხმიანება ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის მთავარ სლოგანს "ნაბიჯი მომავლისკენ". დღევანდელ აქციაზე კი მოსახლეობის ყურადღებას შემდეგი სლოგანით ვიქცევთ "ჩაგვეხუტეთ და გადავდგათ ნაბიჯი მომავლისკენ",- განაცხადა საორგანიზაციო კომიტეტის პრესსამსახურის უფროსმა ანი გიუნტერმა.
თბილისში ჩახუტების საერთაშორისო დღის აღნიშვნა ილიას უნივერსიტეტიდან დაიწყო და რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. ჩახუტების აქციაში მონაწილეები ასევე ეწვევიან ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსისა და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიას.
ეს დღე აშშ-ში 1986 წელს სახელწოდებით - "ეროვნული ჩახუტების დღე" დაარსდა. შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და სახელწოდებაც შეიცვალა. მას ჩახუტების საერთაშორისო დღე დაერქვა.
მასალის გამოყენების პირობები