ევროკავშირი უკრაინასთან ოფიციალურ ურთიერთობას გაწყვეტს, თუ დადასტურდება, რომ მილიცია დემონსტრანტებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდა. ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა იაცეკ პროტასევიჩმა განაცხადა. ინფორმაციას "ბიბისის" უკრაინული სამსახური ავრცელებს.
მისივე განცხადებით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები შოკისმომგვრელია.
"თუ დადასტურდა, რომ მილიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კარდინალურად შეიცვლება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვერ გვექნება უკრაინასთან ისეთივე ურთიერთობა, როგორც ადრე", - განაცხადა პროტასევიჩმა.
ამასთან, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, უკრაინასთან დიალოგი საფრთხის ქვეშაა.
"ქუჩებში დაღვრილი სისხლი ყველაფერს ცვლის", - აღნიშნა იაცეკ პროტასევიჩმა.
უკრაინაში, ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად ხუთი ადამიანია დაღუპული. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოთხ მათგანს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული თავის, გულ-მკერდისა და კისრის არეში.
www.unian.net
მასალის გამოყენების პირობები