27 იანვრიდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭების პროცესი იწყება.
როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ, განაცხადა, დაინტერესებულმა პირებმა სააგენტოს განცხადებით უნდა მიმართონ და სათანადო დოკუმენტაცია წარადგინონ, კერძოდ, საკუთრებაში არსებული ქონების დამადასტურებელი საბუთი საჯარო რეესტრიდან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება.
”წესდების შემუშავებას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება, რადგან მის საფუძველზე რეგულირდება კოოპერატივის წევრთა შორის ურთიერთობები. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონის მეათე მუხლი წესდების პირობებს აზუსტებს, აქ უნდა იყოს მითითებული, რომ კოოპერატივების საქმიანობა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სექტორით შემოიფარგლება, ამასთანავე, გაერთიანებამ უნდა უზრუნველყოს სარეზერვო ფონდის არსებობა, სადაც ყოველწლიური მოგების სულ მცირე 15% უნდა აკუმულირდეს. წესდება უნდა ითვალისწინებდეს დივიდენდებისა და მოგების განაწილების წესს, ასევე ახალი წევრების მიღებას კოოპერატივში”, - განაცხადა მიშელაძემ.
მისი თქმით, კოოპერატივების განვითარების სააგენტომ შეიმუშავა წესდების სარეკომენდაციო ფორმა, რაც ფერმერებს სტატუსის მიღების პროცედურას გაუმარტივებს და კოოპერატივის საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში დაეხმარება.
როგორც მიშელაძემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი www. acda.gov,ge ამოქმედდება, სადაც ფერმერები საჭირო ინფორმაციას შეიტყობენ, ამასთანავე, სააგენტო ელექტრონული სერვისის დანერგვასაც გეგმავს, რის შედეგად, ფერმერებს შეეძლებათ რეგიონიდან ჩამოუსვლელად, ონლაინ რეჟიმში გააკეთონ სტატუსის მიღების შესახებ განაცხადი.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, განსაზღვრული შეღავათებითა და სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამებით ისარგებლებს. გათვალისწინებულია 1700 ერთეული მოტობლოკისა და 2000 ხელის სათესის შეღავათიანი პირობებით, ან ლიზინგით კოოპერატივებისთვის გადაცემა; სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნისა და ამუშავებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევა. კოოპერატივი სარგებლობს უფლებით, მიიღოს გრანტი; ფერმერთა გაერთიანების წევრებისთვის სახელმწიფო უფასო სწავლება-გადამზადებასა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებს გეგმავს.
”სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით: კოოპერატივის ქონება, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, ქონების გადასახადით არ იბეგრება; მოგების გადასახადით არ იბეგრება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი და გრანტი”, - აღნიშნავენ სააგენტოში.
• სასოფლო სამეურნეო კოოპერატივისთვის არ არის დაწესებული მოგების გადასახადის ზღვარი წლიური ბრუნვის მიხედვით, რომელიც, მაგალითად, შპს-ს შემთხვევაში, 200 000 ლარს შეადგენს;
მასალის გამოყენების პირობები