როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხას დაემატა რამდენიმე ფარმაცევტული საშუალება, კერძოდ, ბაკლოფენი, გაბაპენტინი, დექსტრომეტორფანის შემცველი კომბინირებული პრეპარატები (გარდა სიროფებისა), ზოპიკლონი, ზალეპლონი და ტროპიკამიდი. ისინი ფარმაცევტული პროდუქტების II ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ.
"ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის რეკლასიფიკაცია მოხდა.
არსებული ცვლილების საფუძველზე, ზემოთ აღნიშნული მედიკამენტები გადატანილია I ჯგუფში და უფრო მკაცრ კონტროლს დაექვემდებარა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილების მიზეზს წარმოადგენდა უკანასკნელ პერიოდში ჩამოთვლილი ნივთიერებების შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის არამიზნობრივი გამოყენება არათერაპიული დოზებით, ნარკოტიკული თრობის მისაღწევად. მათი უკანონო ბრუნვა და ბოროტად მოხმარება კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.
მასალის გამოყენების პირობები