ადამიანური კაპიტალის განვითარების მიხედვით, საქართველომ 2013 წელს მსოფლიოს 122 ქვეყანაში 77-ე ადგილი დაიკავა. ”მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” მოხსენებაში საქართველომ - 0.258 ქულა დააგროვა (მაქსიმალური ქულა - 1.455, ხოლო მინიმალური ქულა 1.153 -ით განისაზღვრა). აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე მსოფლიოში შვეიცარიაა. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ამ მხრივ, ესტონეთი ლიდერობს (27-ე ადგილი). მას მოსდევს ლიტვა (34-ე), ლატვია (38-ე) ყაზახეთი (45-ე) რუსეთი (51-ე), უკრაინა (63-ე), აზერბაიჯანი (64-ე), სომხეთი (73-ე). საქართველოზე ცუდი მაჩვენებლები მხოლოდ მოლდავეთს (83-ე) და ყირგიზეთს (92-ე) აქვთ. მეზობელი თურქეთი სიაში მე-60 ადგილს იკავებს.
ადამიანური კაპიტალი უცხოელმა ექსპერტებმა ოთხი ძირითადი მახასიათებლის მიხედვით შეაფასეს, მათ შორის განათლებით, რომლითაც საქართველომ 74-ე ადგილი დაიკავა, ჯანმრთელობის დაცვითა და კეთილდღეობით (66-ე ადგილი),სამუშაოსა და დასაქმებით (102-ე ადგილი), ასევე ხელსაყრელი გარემოთი (76-ე ადგილი).
აღსანიშნავია, რომ განათლების განყოფილებაში სწავლების ხელმისაწვდომობის კუთხით (განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე საქართველოს საუკეთესო მაჩვენებლები აქვს (34-ე ადგილი), თუმცა, ხარისხი საკმაოდ სუსტია (90 -ე ადგილი). განსაკუთრებით მათემატიკისა და მეცნიერების მიმართულებით (89-ე ადგილი) და მენეჯმენტის სკოლებში (94-ე ადგილი).
ჯანდაცვის ხარისხისა და მისაწვდომობის კუთხით საქართველო ასევე ერთ-ერთ არასასურველ პოზიციას იკავებს (87-ე ადგილი). აღსანიშნავია, რომ ამ პარაგრაფში შეტანილია ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც დეპრესიით იტანჯებიან. გამოკითხულთა 15%-ს საქართველოში დეპრესია აქვს (მაქსიმალური რიცხვი მსოფლიოში 37%-ია) და, შესაბამისად, 85-ე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება შრომას, უმუშევრობის დონით სხვა ქვეყნებს შორის ჩვენს ქვეყანას 97-ე ადგილი უკავია. განსაკუთრებით მაღალია ეს მაჩვენებელი ახალგაზრდა თაობაში (99-ე ადგილი).
უარყოფითი მაჩვენებლები აქვს საქართველოს ტალანტის აღმოჩენის (84-ე ადგილი) და შენარჩუნების (78-ე ადგილი) მიმართულებით. რაც შეეხება ნიჭიერი თანამშრომლის მოძიებას, ამ მხრივ, 109-ე ადგილს იკავებს. ინოვაციების ნიჭში 104-ე ადგილით შემოიფარგლა. კიდევ უფრო დაბალ დონეზეა (114-ე ადგილი) ტრეინინგ-სერვისები. ამავე ადგილს იკავებს საქართველო უნივერსიტეტებსა და ბიზნესს შორის კვლევისა და განვითარების თანამშრომლობის მიხედვით.
უცხოელმა ექსპერტებმა გამოიკვლიეს, რამდენად ხელმისაწვდომია თანამედროვე ტექნოლოგიები და კომუნიკაციის საშუალებები მოსახლეობისთვის. მობილური ტელეფონების რაოდენობის მიხედვით, საქართველომ 74- ე ადგილი დაიკავა, ხოლო ინტერნეტის მომხმარებლების მიხედვით - 69-ე, რაც შეეხება შიდა ტრანსპორტის ხარისხს - ამ მხრივ საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს (47-ე ადგილი).
სამაგიეროდ, ქვეყანას ნეგატიური მაჩვენებელი აქვს სოციალური (111-ე ადგილი) და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით (105-ე).
ერის ინტელექტუალური კოეფიციენტი უცხოელმა ექსპერტებმა 86,5 ქულით შეაფასეს, რაც საშუალო მაჩვენებელია.
"bpn"
მასალის გამოყენების პირობები