ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში ჩატარდება. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, წირვა დღეს 10:00 დაიწყება. "ღვთის მადლით, საზეიმო წირვაში მე მივიღებ მონაწილეობას. გამობრძანებული იქნება წმინდა ნინოს ჯვარიც", - ბრძანა უწმინდესმა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.
წმინდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.
ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.
წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1(19) ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს - გარდაცვალება.
მასალის გამოყენების პირობები