დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ღირებულება ნოემბერთან შედარებით 4,4%-ით, ხოლო 2012 წელთან შედარებით 4,2% -ით გაძვირდა და 3,57 ლარი შეადგინა, - აცხადებენ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET), სადაც წლებია, ხაჭაპურის ინდექსით ქვეყანაში ინფლაციის დონეს ითვლიან.
როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ხაჭაპურის ფასი როგორც თვის, ასევე წლის განმავლობაში მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა და ეს ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურებით არის გამოწვეული. ამავდროულად, ISET -ში აღნიშნავენ, რომ გასულ წლებში ლარი დევალვაციას ახალ წლამდე განიცდიდა, ამჯერად კი, კურსის ვარდნა უფრო დიდხანს, დღესასწაულის შემდეგაც, გაგრძელდა,
”როცა ეს კვლევა იწერებოდა, ერთი დოლარი, დაახლოებით, 1,77 ლარი ღირდა, მაშინ როცა წინა თვეს მხოლოდ 1,7 ლარს აღწევდა. ეს ნიშნავს, რომ ხაჭაპური, იმ ადამიანებს, რომლებიც შემოსავალს დოლარში იღებენ, გაუიაფდათ. 2013 წლის განმავლობაში ხაჭაპურის ფასი დოლარში 1 %-ით გაიზარდა, მაგრამ ამერიკული ვალუტის გამყარების გამო მისი ღირებულება გაცილებით ნაკლებად გაიზარდა, ვიდრე თავად ქართველებისთვის”, - აღნიშნულია კვლევაში.
ეკონომიკური სკოლის ექსპერტების აზრით, ქართული პროდუქცია, რომელიც უცხოეთში ექსპორტზე გადის, ლარის ”დასუსტების” გამო გაცილებით იაფი და ხელმისაწვდომი ხდება.
”ეს უმსუბუქებს ცხოვრებას ქართველ ექსპორტიორებს, სამაგიეროდ, არასასიამოვნოა მათთვის, ვინც უცხოურ პროდუქციას ყიდულობს”, - აღნიშნულია კვლევაში.
bpn
მასალის გამოყენების პირობები