ხაიშის მოსახლეობას ხვალ, 31 იანვარს „ხუდონჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე შეხვდება. როგორც რადიო „ათინათთან“ საუბარში ვიქტორ ჯაფარიძემ აღნიშნა, მოსახლეობისა და სახელმწიფოს შორის „ოქროს შუალედი“ უნდა მოიძებნოს.
„მოსახლეობას აქვს ამ თემაზე შეკითხვები, მე მათ შევხვდები და ვისუბრებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, ისევე როგორც სახელმწიფოსი“,- აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.
მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი „ხუდონჰესთან“ დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმისგან თავს იკავებს და ამბობს: „ჩემს აზრს ჩემთვის შევინახავ, თუმცა "ხუდონს" აქვს როგორც ბევრი დადებითი ასევე ბევრი უარყოფითი მხარე“.
ცნობითვის, ხაიშის მცხოვრებლებმა გუშინ, 29 იანვარს პროტესტის ნიშნად ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს. „ხუდონის” ჰიდროელექტროსადგურის მშენებელ კომპანია”ტრანს ელექტრიკ ჯორჯიას” სოფელ ხაიშში მიწის აზომვითი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა, თუმცა მოსახლეობამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
მასალის გამოყენების პირობები