უამინდობის გამო, საქართველოს მაგისტრალებზე გარკვეული შეზღუდვები მაინც რჩება. კობი-გუდაურისა და ტყიბული-ამბროლაურის მიმართულებით მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები.
ნაქერალას საუღელტეხილო მონაკვეთზე, გომბორისა და ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით კი გადაადგილება აკრძალულია ტრაილერებისთვის. რაც შეეხება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთს, იქ ამ დროისათვის არანაირი შეზღუდვები არ არსებობს.
გომბორი-თელავის გზაზე კი გადაადგილება აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის, დანარჩენი სახის ტრანსპორტისთვის კი მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები.
რაც შეეხება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზას, აქ ამ ეტაპზე შეზღუდვები მოხსნილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს, მობილიზებულია სპეცტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი.
ვაზიანი-გომბორი-თელავისა და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზები პირადად მოინახულა და იქ მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების პროცესს გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი სოლომონია.
მასალის გამოყენების პირობები