2012 წლის 8 აგვისტოს ღამის საათებში სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ განახორციელეს ვიზიტი არასრულწლოვანთა დაწესებულებაში. ვიზიტის შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულებაზე იმ დროისთვის რიცხული 122 მსჯავრდებულიდან 60 გადაყვანილი იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N16 დაწესებულებაში, ხოლო 47 მსჯავრდებული - რუსთავის N17 დაწესებულებაში. 15 მსჯავრდებული დატოვებული იქნა ადგილზე.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები გაესაუბრნენ ადგილზე დარჩენილ არასრულწლოვნებს, დაწესებულების ადმინისტრაციას და დაათვალიერეს დაწესებულების საცხოვრებელი კორპსუსები. დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ მოცემული მომენტისთვის საცხოვრებელი კორპუსი ფუნქციურად გამოუსადეგარია და საჭიროებს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას.
N11 დაწესებულების ადმინისტრაციის გადმოცემით, არც დაწესებულების რომელიმე თანამშრომელი დაშავებულა და არც თანამშრომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დამუქრებია საფრთხე.
არასრულწლოვნებს, ახალ დაწესებულებაში, დაუყოვნებლივ მიეწოდათ ლეიბები, ბალიშები, თეთრეული, პირველადი მოხმარების საგნები და ჰიგიენური ნივთები. ისინი განთავსებისთანავე ინახულეს მიმღები დაწესებულების ექიმებმა. რუსთავის N16 და N17 დაწესებულებებში გადაყვანილი არასრულწლოვანი მსჯავრდებულები განთავსებული არიან სრულწლოვანი მსჯავრდებულებისგან განცალკევებით.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო ყველა ღონეს იხმარს, რათა უმოკლეს დროში აღდგეს N11 დაწესებულების ნორმალური მუშაობის რეჟიმი.
მასალის გამოყენების პირობები