სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, გეგუთის ციხის პატიმრებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დაწესებულებიდან სულ 17 მსჯავრდებულის გაყვანა მოხდა, თუმცა ამ დროისთვის ყველა მათგანი კოლონიაში უკვე დაბრუნებულია.
"2014 წლის 10 თებერვლის ღამით, სასჯელაღსრულების #14 დაწესებულებიდან გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოებში 17 მსჯავრდებული. ყველა მათგანს აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება. ამ მომენტისთვის 17 მსჯავრდებული დაბრუნებულია დაწესებულებაში. პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, უწყების ცნობით, გეგუთის დაწესებულებაში სიტუაცია კონტროლირებადია.
"თბილისიდან ჩასულმა პენიტენციური ჯანდაცვის გუნდმა გეგუთის #14 დაწესებულების ექიმებთან ერთად დახმარება ადგილზე აღმოუჩინა 14-მდე პატიმარს, რომელთა მდგომარეობაც ასევე სტაბილურია. პატიმრებს თვითდაზიანებები ძირითადად ზემო კიდურებზე ჰქონდათ მიყენებული. სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის მხრიდან ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. სიტუაცია კონტროლირებადია. ადგილზე იმყოფებიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეები, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა", - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები