სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ფირაშვილი დღეს, 12 თებერვალს ზუგდიდში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის რატიფიკაცია, რომლის მონიტორინგსაც ომბუდსმენის აპარატი ითხოვს. ნათია ფირაშვილის განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატი არის ის ეროვნული ორგანიაზაცია, რომელსაც უნდა დაევალოს კონვენციის განხორციელების მონიტორინგი. ამასთან, მისივე განმარტებით, ამას კონვენციის ერთ-ერთი მუხლიც ითხოვს.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სწორედ სახალხო დამცველის აპარატმა, შშმ პირების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, უნდა გაუწიოს აღნიშნულ კონვენციას მონიტორინგი.
შეგახსენებთ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციას საქართველომ ხელი 2009 წელს მოაწერა. ხოლო 2013 წლის 26 დეკემბერს პარლამენტმა, თანდართული დეკლარაციის გათვალისწინებით, 91 ხმით მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიკაცია.
მასალის გამოყენების პირობები