საქართველოს მთავრობის ინიციატივით, დღეს, ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება. კონფერენცია ჩატარდება საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ევროკავშირის, გაერო-ს განვითარების პროგრამისა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ხელშეწყობით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, თამარ ჩუგოშვილი კონფერენციაზე წარადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმას, რომელშიც დეტალურად გაწერილია მთავრობის საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში 2014-2015 წლებში.
სამოქმედო გეგმა მოიცავს ყველა კატეგორიის უფლებებს როგორც ფიზიკური და პიროვნული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის, ასევე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურს.
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნება სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის მექანიზმები.
სამოქმედო გეგმას ადამიანის უფლებათა საკითხებში ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამოქმედო გეგმა მოიაზრება, როგორც მოქნილი, მუდმივად განახლებადი დოკუმენტი.
ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება დაიწყო 2013 წლის დეკემბერში. საკონსულტაციო პროცესში მონაწილეობდნენ სამთავრობო სტრუქტურები, პარლამენტი, სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს მოქალაქეები.
მასალის გამოყენების პირობები