საქართველოში ბიზნეს–მიმართულების უმაღლესებს, პირველ რიგში კი თავისუფალ უნივერსიტეტსა და კავკასიის ბიზნეს სკოლას "საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ სახით კონკურენტი უჩნდება. საბანკო ბაზრის ერთერთმა ლიდერმა უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადა. როგორც ბანკში აცხადებენ, უნივერსიტეტის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ფინანსური განათლების სფეროში მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას და საშუალება მისცეს ნებისმიერ მსურველს დაეუფლოს ფინანსურ ცოდნას მისთვის სასურველ დონეზე.
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ მოიცავს ბიზნესის სკოლას, მომხმარებელთა ფინანსური განათლების, სასერტიფიკაციო სწავლების, პროფესიული განათლების და დამწყები ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრებს. როგორც ბანკში აცხადებენ, უნივერსიტეტში გათვალისწინებულია პროგრამები აბიტურიენტებისთვის, უკვე დასაქმებული და განთვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის, რიგითი მომხმარებლისთვის და საკუთარი ბიზნესის მფლობელებისთვის. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა უკვე მიმდინარე წლის სექტემბრიდან შესთავაზებს სტუდენტებს ბიზნესის ადმინისტრირების ორწლიან სამაგისტრო პროგრამას ფინანსებში.
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე მოხდება 50 სტუდენტის მიღება. მათგან 10 საუკეთესო სტუდენტი მიიღებს 100%–იან დაფინანსებას საქართველოს ბანკისგან, ხოლო შემდეგი 20 სტუდენტი 7–წლიან, ნულპროცენტიან სტუდენტურ სეხს.
commersant.ge
მასალის გამოყენების პირობები